კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს რუსეთის სასარგებლოდ ხარკოვის ხელშეკრულებებზე ხელმოწერის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება განუსაზღვრა და დაკავების ნებართვა გასცა. გამოძიების თანახმად, იანუკოვიჩი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ დივერსიულ მოქმედებებში ეხმარებოდა.

უწყების თქმით, სასამართლომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა სისხლის სამართლის პროცესში "სახელმწიფო ღალატის ჩადენის გარემოებებზე განუსაზღვრა".

პროკურატურის განცხადებით, მსგავსი ქმედებების შედეგად, ხელოვნურად შეიქმნა წინაპირობები უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების რაოდენობის გაზრდის, მათი გადაიარაღებისა და მოდერნიზაციისთვის და მომავალში რუსეთის შეიარაღებულ ძალების შეჭრისთვის.