დღეს Computex 2022-ზე AMD სიახლეებით წარსდგა და აუდიტორიას მომავალი თაობის Ryzen 7000 პროცესორების შესახებ ესაუბრა. როგორც AMD აღნიშნავს, 7000 სერიის პროცესორები Zen 4 არქიტექტურაზე აიგება და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მათ პირველად დასჭირდებათ ახალი თაობის დედაპლატები. AMD ამ მხრივ ძალიან კარგად იქცევა, მომხმარებლებს დედაპლატების განახლება ძალიან იშვიათად უწევთ. მათ ყველაზე ძველ AM4 პლატებსაც კი თავისუფლად შეუძლიათ Ryzen 5000 სერიის პროცესორებთან მუშაობა. 7000 სერიის CPU-ებს კი უკვე AM5 პლატები დასჭირდება.

როგორც AMD-იმ იანვარში აღნიშნა, Ryzen 7000 სერიის პროცესორები იქნება პირველი CPU-ები რომლებიც 5 ნანომეტრიან არქიტექტურაზე აიგება. AM5 დედაპლატებს DDR5 ოპერატიული მეხსიერებისა და PCIe 5.0-ის მხარდაჭერაც ექნებათ.

აღსანიშნია ის ფაქტი, რომ AMD-ის 7000 სერიის პროცესორები იქნებიან პირველები, რომლებიც პერსონალური კომპიუტერების სეგმენტში 5 გეგაჰერციან ბარიერს დაძლევენ. AMD-მ გვიჩვენა, რომ პროცესორი Ghostwire: Tokyo-ს თამაშის დროს 5.5 GHz-მდე ადის, რაც Intel-ის ამჟამინდელ ტოპ პროცესორს, i9-12900KS-ს უტოლდება. მეტი გეგაჰერცი ავტომატურად უკეთეს წარმადობას არ ნიშნავს, თუმცა ერთი ბირთვის სისწრაფის მხრივ ეს დიდი ნახტომი იქნება.

AMD-ის თქმით, ერთ ბირთვზე წარმადობა Zen 3-თან შედარებით 15%-ით იქნება გაზრდილი, რაც გეიმინგისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. ახალ პროცესორები მეტი ენერგიის მოხმარებასაც შეძლებენ და შესაბამისად, AM5 დედაპლატებს 170W ენერგიის გაცემა შეეძლებათ, AM4-ების შემთხვევაში კი მაქსიმალური სიმძლავრე რისი მიწოდებაც დედაპლატას პროცესორისთვის შეეძლო 142 ვატით შემოიფარგლებოდა.

AMD-იმ AM5 დედაპლატებზეც საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მოგვაწოდა. აღსანიშნია, რომ ნებისმიერ AM5 პლატას მინიმუმ ერთი PCIe 5.0 NVMe მეხსიერების სლოტი ექნება. AMD-იმ ღონისძიებაზე სამი ახალი დედაპლატა — X670 Extreme, X670 და შედარებით ხელმისაწვდომი B650 დააანონსა.