27 მაისს პლენარულ სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ინტერპელაციის პროცედურა გაიმართება. ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებენ: საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი და იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე.

ამასთან, 24 მაისის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების და კანონპროექტების განხილვის შემდეგ საპარლამენტო დებატები გაიმართება თემზე: "საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაცია". 25 მაისს კი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე წარსდგება.

დღეს პარტია ლელომ პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ინტერპელაციის წესით 27 მაისს პარლამენტში დაიბარა.

საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის მიხედვით, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს უფლება აქვს ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, რომელიც ვალდებულია უპასუხოს დასმულ შეკითხვას პარლამენტის სხდომაზე. პასუხი შეიძლება გახდეს პარლამენტის განხილვის საგანი.