რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ ჟურნალისტების კითხვის პასუხად არ გამორიცხა, რომ აზოვსტალის მებრძოლები შესაძლოა რუს ტყვეებში გაცვალონ. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს განიხილავს თუ არა მოსკოვი ტყვეების გაცვლას. ინფორმაციას სახელმწიფო მედია, ტასს ავრცელებს.

"მე ვაღიარებ ნებისმიერ შესაძლებლობას, რომელიც არ ეწინააღმდეგება საღ აზრს", — თქვა რუდენკომ.

რუდენკომ აღნიშნა, რომ ეს საკითხი მის კომპეტენციას სცილდება, თუმცა შესაძლოა განიხილებოდეს.

კრემლს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი აზოვსტალის მცველების ბედზე. პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თავდაცვის სამინისტროსთან გადაამისამართა კითხვა, მოსკოვი მათ სამხედრო ტყვეებად თვლის თუ სამხედრო დამნაშავეებად. მან ასევე გაიხსენა პუტინის სიტყვები, რომელმაც თქვა, რომ ვინც იარაღს დაყრის, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მოექცევიან.

ამასთანავე, 21 მაისს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის წევრმა, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ რუსეთი შეისწავლის აზოვსტალიდან გამოყვანილი მებრძოლების ვიქტორ მედვედჩუკში გაცვლის შესაძლებლობას.

კრემლი არა, თუმცა მათი სატელიტები აქტიურად საუბრობენ მარიუპოლის მცველების ბედზე. რუსეთის დუმის ქვედა პალატის LDPR ფრაქციის ახალმა ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ჟირინოვსკის შემცვლელმა, ლეონიდ სლუცკიმ მოითხოვა აზოვის მებრძოლების სიკვდილით დასჯა, თუ სასამართლო მათ დამნაშავედ ცნობს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე.

ხოლო, ანექსირებული ყირიმის დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა კი განაცხადა, რომ დატყვევებული უკრაინელები, რომლებსაც ტრიბუნალის განაჩენით არ დახვრეტენ, დონბასში ქალაქების აღსადგენად ყველაზე შავ სამუშაოებზე უნდა გამოიყენონ.

გაიგე მეტი: