"ბალენსიაგას შემოქმედებითი ხელმძღვანელი, დემნა უკვე თითქმის რვა წელია, მოდის სამყაროს მწვერვალზეა, მაგრამ როგორ შეიძლება განვსაზღვროთ მისი როლი ამ სამყაროში? იქნებ მოდის საუკეთესო კომიკოსია? ერთი რამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: ის მოდის ყველაზე გავლენიანი ცოცხალი დიზაინერია", — წერს მოდის ცნობილი ამერიკული გამოცემა Harper's Bazaar ბალენსიაგას ახალი ჩვენების განხილვისას.

22 მაისს ნიუ-იორკში ბალენსიაგას 2023 წლის კოლექციის ჩვენება გაიმართა, რაც დემნას პირველი შოუ იყო აშშ-ში.

ცხადია, სიმბოლური დატვირთვისა და კოლექციის დიზაინის მთავარი სათქმელის შესაბამისად იყო შერჩეული ჩვენების ადგილიც: უოლ-სტრიტზე მდებარე ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია.

ფოტო: Balenciaga

დემნა ახერხებს, რომ ყოველ ჩვენებაზე აუდიტორიაში სხვადასხვა ემოცია აღძრას: მას შეუძლია იყოს კომიკური, ტრაგიკული, ცინიკური ან როგორც მისი ბოლო კოლექცია შეაფასეს, შემზარავიც კი.

ინტენსიური და დამთრგუნველი მუსიკალური გაფორმებითა და ლატექსით დაფარული სხეულებით დემნამ კვლავინდებურად მოახერხა, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები გაეჩინა მნახველში.

"შემაძრწუნებელ სამყაროში ვცხოვრობთ და ვფიქრობ, მოდაც ამის ანარეკლია... ჩემი აზრით, ამ შოუს გამართვა აუცილებელი იყო", — განაცხადა დემნამ.

ფოტო: Balenciaga

ჩვენება თემატურად სამი ნაწილისგან შედგებოდა: ერთგვარ შესავალ ნაწილს Garde-Robe ეწოდება და თავად დემნამ ის "მაღალი კლასის კლასიკურ სამოსად" დაახასიათა. კოლექციის მეორე ნაწილის ელემენტებში აბრეშუმი და დიდი ზომის ფეხსაცმელები ჭარბობდა.

მოულოდნელი სიურპრიზი იყო ჩვენების ბოლო, მესამე ნაწილი, რომელშიც ცნობილი გახდა, რომ დემნამ Adidas-თან ითანამშრომლა. დიზაინერმა ამის მიზეზი მარტივად ახსნა:

"ყოველთვის მინდოდა სამი ხაზის გამოყენება".

ფოტო: Balenciaga

საბოლოოდ, როგორც კრიტიკოსებისგან, ისე მოდის მოყვარულებისგან ჩვენებამ მეტწილად დადებითი შეფასებები დაიმსახურა და მისი ერთგვარი დისტოპიური სტილი თანამედროვე კაპიტალისტური ცხოვრების წესის კრიტიკადაც შეაფასეს.

"ალბათ, მსოფლიოში ფული ყველაზე დიდი ფეტიშია" — თქვა დემნამ ჩვენებაზე.

აღსანიშნავია, რომ ბევრს ამ კოლექციის გაბედულმა, საშიშმა და შემაძრწუნებელმა განწყობამ ცნობილი სერიალი American Horror Story (ამერიკული საშინელებათა ისტორია) მოაგონა — ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე გამართული ჩვენება ამერიკული ცხოვრების სტილის შემზარაობის ილუსტრაციადაც შეგვიძლია აღვიქვათ.

ფოტო: Balenciaga

შოუს სრულად ნახვა და პირადი შთაბეჭდილებების შექმნა ქვემოთ მოცემულ ვიდეოში შეგიძლიათ: