ჰარი სტაილსი თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახეა, რომელიც საზოგადოებას საკუთარი ხმით, უშუალობით, გენდერულად ნეიტრალური სტილითა და შემოქმედებით ხიბლავს. ამის გამო ჰარის ხშირად მიკ ჯაგერს ადარებენ, თუმცა, როგორც ჩანს, შედარება ამ უკანასკნელს ყელში ამოუვიდა.

ფოტო: Getty Images; Parker Wood

ფოტო: Getty Images

The Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ლეგენდარულმა მომღერალმა სხვა თემებთან ერთად ჰარისთან მსგავსებაზეც ისაუბრა და ახალგაზრდა ვარსკვლავიც დაახასიათა:

"ჰარი მომწონს, მასთან ძალდაუტანებელი ურთიერთობა მაქვს. თუმცა მე უფრო გამოკვეთილ თვალის მაკიაჟს ვატარებდი. კარგით რა, მე უფრო ანდროგენული სტილი მქონდა. მას არც ჩემნაირი ხმა აქვს და ვერც ჩემსავით მოძრაობს სცენაზე. ჩემს ახალგაზრდობას ზედაპირულად წააგავს, რაც ცუდი არაა. ვერაფერს იზამს", — ამბობს ჯაგერი.

აღსანიშნავია, რომ ჰარი სტაილსმა მიკ ჯაგერი საკუთარი შთაგონების წყაროდ არაერთხელ დაასახელა. მან 2017 წელს Saturday Night Live-ში ჯაგერი განასახიერა კიდეც.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მიკ ჯაგერმა მასსა და ჰარი სტაილსს შორის მსგავსებაზე კომენტარი გააკეთა:

"მას ვიცნობ, ბევრ შოუზე მოდის და მნახულობს. მასზე ჩემს გავლენასაც ვხედავ, თუმცა არაფერს ვეუბნები იმის გარდა, რომ კარგად გამოიყურება. მომწონს, წესიერი ადამიანია", — განაცხადა ჯაგერმა 2015 წლის ინტერვიუში.

ამავე თემაზე:

ჰარი სტაილსის 15 ფოტო, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ მოდას გენდერი არ აქვს