აზოვის ბატალიონის მეთაურის, დენის პროკოპენკოს განცხადებით, აზოვსტალიდან მძიმედ დაჭრილებმა საჭირო დახმარება მიიღეს და ევაკუცია მოახერხეს. ამის შესახებ მან მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

"უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება გარნიზონის ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენისა და ქალაქის დაცვის შეწყვეტის შესახებ. მიუხედავად მძიმე ბრძოლებისა, ყოვლისმომცველი თავდაცვისა და მარაგის ნაკლებობისა, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით ჩვენთვის სამ ყველაზე მნიშვნელოვან პირობაზე, ესენია, მშვიდობიანი მოსახლეობა, დაჭრილები და დაღუპულები.

ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, მძიმედ დაშავებულებმა მიიღეს საჭირო დახმარება — მათი ევაკუაცია განხორციელდა შემდგომი გაცვლით და უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანის [პირობით]. დაღუპულ გმირებთან დაკავშირებით პროცესი გრძელდება", — აცხადებს ის.

გუშინ, 19 მაისს აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, კაპიტანი სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა, რომ ხელმძღვანელობა და ის კვლავ აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე იყვნენ. ასევე, აღნიშნა, რომ მიმდინარეობს გარკვეული ოპერაცია, რომლის შესახებაც არ ისაუბრებს.

16 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზოვსტალიდან დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების ევაკუაციაზე შეთანხმდნენ. უწყება წერდა, რომ ისინი მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ე.წ. დონეცკის რესპუბლიკაში გადაჰყავდათ. მოგვიანებით რუსულმა მხარემ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ აზოვსტალიდან 265 მებრძოლი ჩაბარდათ, მათ შორის, 51 მძიმედ დაჭრილი.

ჩაბარებაზე უკრაინულ მხარეს განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა გენერალურმა შტაბმა 264 სამხედროს გაყვანა დაადასტურა და აღნიშნა, რომ მათი უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნება ტყვეების გაცვლით მოხდება. როგორც ჩანს, ვოლოდინის იდეა სწორედ ამ გეგმის ჩაშლას ემსახურება.

აზოვის ბატალიონის მეთაურმა, დენის პროკოპენკომ თქვა, რომ უმაღლესი სამხედრო სარდლობის მიერ დამტკიცებულ გადაწყვეტილებას ასრულებდნენ და ხალხის მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა კი აღნიშნა, რომ მარიუპოლის მცველებს სიცოცხლის გადარჩენა დაევალათ.

უკრაინული მხარის ცნობით, გრძელდება დარჩენილი სამხედროების გადარჩენის ღონისძიებები.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში