ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, სხვა მნიშვნელოვან ვალდებულებებთან ერთად საქართველომ იკისრა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ვალდებულება.

20 მაისს საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრის დირექტორმა, ზურაბ ბეჟაშვილმა პრესკონფერენცია გამართა და საზოგადოებას გააცნო ის საკითხები, რომლებსაც ევროკავშირის წევრობის კითხვარში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და მიზნად ინტელექტუალური საკუთრების დაცვას ისახავს.

საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრის (APCG) ინფორმაციით, დოკუმენტში სხვა საკითხებთან ერთად წარმოდგენილია შემდეგი კითხვები:

  • აქვს თუ არა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების ეფექტიანი სისტემა მეკობრეობისა და კონტრაფაქციის წინააღმდეგ საბრძოლველად;
  • რამდენად ეფექტიანად არეგულირებს საკანონმდებლო ბაზა ინტერნეტში ინტელექტუალური საკუთრების დარღვევას;
  • არის თუ არა შესაძლებლობა შუალედური მომსახურების მიმწოდებლების, მათ შორის ონლაინ შუალედური მომსახურების მიმწოდებლების მიმართ, როგორიცაა ინტერნეტსერვისის პროვაიდერები, დროებითი და/ან მუდმივი აკრძალვის ბრძანების მიღების შესაძლებლობა;
  • რამდენად თანამშრომლობს სახელმწიფო უფლების მფლობელებთან;
  • რა გეგმები აქვს სახელმწიფოს აღსრულების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად;
  • არის თუ არა სპეციალური დანაყოფები ინტერნეტმეკობრეობის დასაძლევად?
  • რა ზომების, პროცედურების და დაცვის საშუალებების მიღებას გეგმავს საქართველო კონტრაფაქცისა და მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი სისტემის დანერგვის მიზნით.

ფოტო: APCG

ზუკა ბეჟაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს აქვს რესურსი, გადადგას ქმედითი ნაბიჯები მეკობრეობის წინააღმდეგ ევროპასთან დაახლოების მიზნით და მნიშვნელოვანია, ყველა შესაძლებლობის სწრაფი და ეფექტიანი გამოყენება, რათა დაცული იყოს ინტელექტუალური საკუთრება, შემოქმედებითი ინდუსტრიის უფლებები და კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს ამ მიმართულებით ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილების რეალურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით.