ბოლო პერიოდში ჩრდილოეთ კორეაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი სწრაფად იზრდება. ჩრდილოეთ კორეას დიდი რაოდენობით არავაქცინირებული მოსახლეობა ჰყავს და ამასთანავე, არც ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებია ყველასთვის ხელმისაწვდომი.

2020 წელს, როცა მსოფლიოში პანდემია დაიწყო, ჩრდილოეთ კორეამ ქვეყნის საზღვრები ჩაკეტა და სამედიცინო დახმარების მიღებაზეც უარი განაცხადა. ახლა კი მთავრობა ცდილობს, რომ COVID-19-ს ტრადიციული მედიცინის მეთოდებით ებრძოლოს.

ჩრდილოეთ კორეის მმართველი პარტიის ოფიციალურმა გაზეთმა რეკომენდაცია ცხელი სასმელებისა და სხვადასხვა მცენარეულ ჩაის მიღებას გაუწია. გაზეთში ნათქვამია, რომ Covid-19-ის ზოგიერთი სიმპტომის წინააღმდეგ, როგორიცაა ყელის ტკივილი ან ხველა, ცხელი სასმელი დადებითად მოქმედებს და პაციენტებმა ბევრი სითხე უნდა მიიღონ. ჩამოთვლილ საშუალებებშია ჯანჯაფილის ჩაიც, რომელიც ტკივილის შემსუბუქების მიზნითაც უნდა გამოიყენონ. თუმცა არც ჯანჯაფილის და არც სხვა მცენარეულ ჩაის ვირუსისგან განკურნება არ შეუძლია.

ფოტო: Reuters

ახლახან ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთმა მედიამ წყვილის ინტერვიუ გააშუქა, რომლებიც დილასა და საღამოს მარილიანი წლის ყელში გამოვლებას უწევენ რეკომენდაციას. მთავრობამ კი ათასობით ტონა მარილი გაგზავნა ფხენიანში, რათა ანტისეპტიკური ხსნარი დამზადდეს.

ჩრდილოეთ კორეის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის სისტემა უკვე მზადაა, რომ ვირუსით ინფიცირებულ ადამიანებს უფასოდ დაეხმაროს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ბოლო წლებში დაკისრებული სანქციებისა და გახშირებულ გვალვებთან ბრძოლის გამო მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ასევე, Covid-19-ის წინააღმდეგ ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვამ ეკონომიკაზე მძიმე გავლენა მოახდინა.