საქართველოს ბანკი, როგორც დეველოპერული სექტორის მხარდამჭერი კომპანია, სამშენებლო პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკისა და არტე დეველოპმენტის პარტნიორობის შედეგად, გლდანში, 3 000 კვ. მეტრზე 12-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება.

პროექტი მოიცავს საცხოვრებელ და საზაფხულო სივრცეებს, კომერციულ ფართსა და მიწისქვეშა ავტოსადგომს. შენობას გამოარჩევს დახვეწილი არქიტექტურა, მყუდრო გარემო, გამწვანებული ეზოს პანორამული ხედები. საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად ენერგოეფექტური მასალებით შენდება. პროექტის განხორციელებისთვის ბანკის მხრიდან გამოყოფილმა დაფინანსებამ $2,9 მილიონი შეადგინა.

"არტე დეველოპმენტსა და საქართველოს ბანკს შორის პარტნიორობა უკვე ორ წელზე მეტს ითვლის", — აცხადებს კომპანია არტე დეველოპმენტის დირექტორი, გოდერძი სეფიაშვილი, — "ამ ხნის განმავლობაში ბანკთან თანამშრომლობამ კომპანიას მოუტანა მეტი სანდოობა ბაზარზე, რამაც გაზარდა მოთხოვნა ჩვენს ბინებზე; ასევე გაიზარდა კომპანიის ცნობადობა და ჩვენი, როგორც დეველოპერის მიზნებიც. საქართველოს ბანკის დახმარებით უფრო მოქნილები გავხდით გაყიდვების პოლიტიკაში და სამომავლო გეგმების განსაზღვრაში. ბანკმა კომპანიის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა".

თავის მხრივ, არტე დეველოპმენტთან თანამშრომლობა საქართველოს ბანკისთვისაც მნიშვნელოვანია.

"მოხარულები ვართ, რომ ჩვენს პარტნიორთან, არტე დეველოპმენტთან ერთად, ვახორციელებთ გლდანში 12-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას, რომელიც მოიცავს 185 სახლს, საოფისე სივრცეს, გამწვანებულ ეზოსა და მიწისქვეშა პარკინგს", — აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელი, გიორგი წეროძე, — "კომპანიის მთავარი მიმართულება ხარისხიანი და ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებაა. არტე დეველოპმენტის დამფუძნებლებს 20-წლიანი გამოცდილება აქვთ სამშენებლო სფეროში, რაც პროექტის წარმატების გარანტია. ჩვენ კი ვაგრძელებთ დეველოპერული სექტორის და ეკონომიკურად გამართლებული პროექტების მხარდაჭერას".