აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის, დერეკ შოლეს განცხადებით, ისეთი რამეები, რაც ამ კვირის დასაწყისში მოხდა, საქართველოს ევროატლანტიკური მიზნების მიღწევას გაართულებს. რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა ინტერვიუში მას ჰკითხა, ხელს შეუშლის თუ არა ნიკა გვარამიას დაკავება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

"ევროკავშირის ნაცვლად ვერ ვიტყვი, როგორი ზეგავლენა შეიძლება ამან იქონიოს. ვიცი პრემიერმინისტრი გუშინ იმყოფებოდა ბრიუსელში და შეხვდა ევროკავშირის მაღალი რანგის პირებს. მარტივად რომ მივუდგეთ, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც დემოკრატიისგან გაშორებთ, ხელისშემშლელი იქნება საქართველოს უფრო ფართო ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის.

ეს იყო ჩემი გზავნილი დღევანდელ ყველა შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ შტატები სრულად უჭერს მხარს ამ სწრაფვას, მას სურს, საქართველომ მიაღწიოს მიზნებს, რეალობა ისაა, რომ ისეთი რამეები, რაც ამ კვირის დასაწყისში მოხდა, გაართულებს ამის მიღწევას", — განაცხადა მან.

შოლემ, ასევე, აღნიშნა, რომ აშშ ევროატლანტიკურ მისწრაფებას ძლიერ უჭერს მხარს, თუმცა მიუთითა, რომ NATO პოლიტიკურ-სამხედრო ალიანსია და მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობები თავდაცვის სფეროში საკმაოდ ძლიერია, კვლავაც არის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას დემოკრატიისადმი ერთგულების საჩვენებლად.

"არ ვიტყოდი, რომ აკლია [საქართველოს დემოკრატიას], მაგრამ ჩვენს შეშფოთებებს ღიად გამოვხატავთ, ვგულისხმობ, შტატები, ჩვენი პარტნიორები ევროპაში და სხვაგან, როცა გვაქვს წუხილი მედიის თავისუფლების, ღია დებატებისთვის სივრცის დახურვის გამო, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, მსგავს საკითხებზე, იმაზე, რომ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტების მიღება ყოვნდება.

შტატები წლებია ისწრაფვის საქართველოს დემოკრატიის წარმატებისთვის. მჯერა, რომ საქართველოში ამის უზარმაზარი პოტენციალია, საქართველოს ხალხი ძალიან შთამბეჭდავია და საამაყო ისტორია აქვთ. ჩვენს გვსურს კონსტრუქციული პარტნიორობის სულისკვეთებით გავაკეთოთ რაც შეგვიძლია, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მისი დემოკრატიის გაძლიერებას", — აღნიშნა შოლემ.