On.ge-ის რედაქცია მხარდაჭერას უცხადებს ნიკა გვარამიასა და მთავარი არხის გუნდს. სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება ებრძვის კრიტიკულ მედიას. ჩვენთვის, როგორც დამოუკიდებელი და კრიტიკული ონლაინ გამოცემისთვის, ეს აღიქმება გაფრთხილებად და მუქარად, რომ შევწყვიტოთ ხელისუფლების კონტროლი და საზოგადოების ინფორმირება, რაც ჟურნალისტების უპირველესი მიზანია. მედიისთვის, რომელიც არ მისდევს ხელისუფლების დღის წესრიგს, ეს გადაწყვეტილება არის მინიშნება, რომ შემდეგი შეიძლება ვიყოთ ჩვენ — ყველა, ვინც არ აქებს მთავრობას, იძიებს დარღვევებსა და დანაშაულს.

მიგვაჩნია, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა. წლების განმავლობაში გამოძიება დაიწყო არაერთი მედიასაშუალების ხელმძღვანელისა და მათი ოჯახის წევრის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ხელისუფლება მედიის დასაბრკოლებლად იყენებს სხვადასხვა გზას, იქნება ეს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, მხოლოდ ფავორიტ მედიებთან თანამშრომლობა, ღონისძიებებზე არმიწვევა, გადაღებების შეზღუდვა, ჟურნალისტებთან ცინიკური და აგრესიული დამოკიდებულება, პოლარიზაციის გაღვივება თუ ძალადობის წახალისება.

შესაბამის სახელმწიფო უწყებებს არ აქვთ რეაგირება იმ ათეულობით შემთხვევაზე, როცა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ხელი შეუშალეს მუშაობაში. დღემდე არ დასჯილან 5-6 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები, როცა ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფი თავს დაესხა მედიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს, რამდენიმე დღეში კი მათ მიერ ნაცემი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. გარდა ამისა, სამართალდამცავები აქციებზე ხშირად თავადვე აბრკოლებენ ჟურნალისტებს და მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.

ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა არაერთხელ დაგმეს ჟურნალისტებზე ძალადობა და მოუწოდეს სახელმწიფოს უზრუნველყოს უსაფრთხოება. ამ ყველაფრის ფონზე, საგანგაშოა ისიც, რომ რეპორტიორები საზღვრების გარეშეს ბოლო ანგარიშში, პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო მე-60-დან 89-ე ადგილზე ჩამოქვეითდა.

ადგილობრივი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია და კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთი პრეცედენტია. საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს 24 მარტის შეფასებით, საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე, დირექტორის მიერ რისკების გაწევა და კონკრეტული მენეჯერული გადაწყვეტილების მიღება არათუ სისხლისსამართლებრივი, არამედ სამეწარმეო სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველიც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა გახდეს.

სახალხო დამცველიც აცხადებს, რომ განაჩენი კანონთან შეუსაბამოა და ემსახურება კრიტიკულ მედიასაშუალებებზე ისეთ ზეწოლას, როგორიც დემოკრატიულ სახელმწიფოში არ ხდება.

კრიტიკული არიან საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორებიც. Amnesty International მიიჩნევს, რომ გვარამიას განაჩენი პოლიტიკური მოტივით განსხვავებული ხმის ჩახშობაა. საფრანგეთის ელჩს ეს გადაწყვეტილება კითხვებს უჩენს, პოლონეთის საგარეო კი განმარტავს, რომ განაჩენმა, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს როგორც კანონის უზენაესობის აღქმაზე, ასევე, მედიის თავისუფლებაზე.

სამოქალაქო საზოგადოებისთვის შემაშფოთებელია ისიც, რომ განაჩენი ევროკავშირის კითხვარზე პასუხების გადაცემის შემდეგ გამოცხადდა. ევროპარლამენტარების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს. აშშ-ის საელჩო კი აღნიშნავს, რომ როცა ევროინტეგრაციის გაღრმავების შესაძლებლობაა, სამართლებრივი დევნის პოლიტიზებულად აღქმაც კი საზიანოა.

On.ge იზიარებს სამოქალაქო ორგანიზაციების პოზიციას, რომ კრიტიკული მედიის გენერალური დირექტორის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, მათ შორის, მენეჯერული გადაწყვეტილების მიღების გამო, წარმოადგენს შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების კიდევ ერთ მაგალითს. ვიზიარებთ ჩვენი კოლეგების შეშფოთებას და მივმართავთ პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიჩინონ განსაკუთრებული ძალისხმევა, რათა საქართველოში თავისუფალი სიტყვა არ აღმოჩნდეს ცენზურის მსხვერპლი.

მივმართავთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მედიაზე ზეწოლა, ჩვენს საქმიანობაში ჩარევის მცდელობები და მოგვცეს მუშაობის საშუალება, რადგან ამაზე დგას ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული კურსი.