საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა.

უფრო კონკრეტულად, კვლევაში წერია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2,5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული და 19,4%-ს შეადგენს.

სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 289,6 ათასი უმუშევარი ცხოვრობდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ბოლო ერთ წელში უმუშევართა რიცხვი 27,9 ათასი ადამიანით არის შემცირებული.

როგორც კვლევა აჩვენებს, იანვარ-მარტში ქვეყანაში 1 201 067 დასაქმებული ადამიანი იყო. დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 71 327 ადამიანით არის გაზრდილი.

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 817,7 ათასი დასაქმებული, ხოლო 382,3 ათასი თვითდასაქმებული ცხოვრობდა.

თუ 2021 წლის წლიურ მაჩვენებელს შევხედავთ, ვნახავთ, რომ გასულ წელს უმუშევრობის დონემ 20,6%-ს მიაღწია, რაც ბოლო ოთხი წლის მაქსიმალური მაჩვენებელია. 2021 წელს უმუშევრათა რაოდენობა 34,3 ათასი ადამიანით გაიზარდა და 316,2 ათასი შეადგინა.