ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის უსაფრთხოებისთვის 100 მილიონ დოლარს გამოყოფს. ბაიდენის თქმით, უკრაინას დამატებით არტილერიას, რადარებს და სხვა აღჭურვილობას მიაწვდიან.

"ეს იარაღი და აღჭურვილობა პირდაპირ წავა უკრაინის თავისუფლების ფრონტის ხაზზე და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ, როდესაც ისინი იცავენ თავიანთ ქვეყანას რუსეთის მიმდინარე აგრესიისგან", — თქვა ბაიდენმა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე აშშ-ის დახმარება ამ პაკეტის მიღების შემდეგ 3,9 მილიარდ დოლარამდე მიაღწევს.

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტს 86 მომხრე და 11 მოწინააღმდეგე ჰყავდა. ის ახლა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხელმოსაწერად გადაეცემა.