მსოფლიოში აღიარებული ბერძენი მუსიკოსი და კომპოზიტორი ვანგელისი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, მუსიკოსი საფრანგეთის იმ საავადმყოფოში დაიღუპა, სადაც ბოლო ხანებში მკურნალობდა.

ევანგელოს ოდისეას პაპათანასიუმ, რომელსაც მსმენელი ვანგელისის სახელით იცნობდა, ისეთი ცნობილი ფილმებისთვის შექმნა მუსიკა, როგორიც Blade Runner და Chariots of Fire არის. ამ უკანასკნელისთვის კომპოზიტორმა 1981 წელს ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოც მიიღო, ფილმში გამოყენებული მუსიკა კი ამერიკული ჩარტების სათავეში მოექცა.

დიდწილად თვითნასწავლი მუსიკოსი საბერძნეთის პატარა ქალაქ აგრიაში დაიბადა და ათენში გაიზარდა. 1963 წელს მან ჯგუფი Forminx შექმნა, რომელიც ძირითადად პოპ და როკ სიმღერებს ასრულებდა. ბენდის დაშლის შემდეგ მან დამოუკიდებლად მოღვაწეობა განაგრძო, თუმცა, მალევე დააფუძნა ახალი ჯგუფი Aphrodite’s Child, რომლის ერთ-ერთი წევრი დემის რუსოც გახლდათ.

მოგვიანებით, ვანგელისმა კინოსა და ტელევიზიისთვის მუსიკის წერას მიჰყო ხელი. 1980-იან წლებში მისმა ნაწარმოებებმა დიდ კომერციულ წარმატებას მიაღწია, Chariots of Fire-ის საუნდტრეკი კი საერთოდ საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო კომპოზიციად იქცა. დიდი მოწონება ხვდა წილად Blade Runner-ისთვის შექმნილ მუსიკასაც.

ვანგელისი ჩვენი დროის ერთ-ერთ საუკეთესო კომპოზიტორად და ასევე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბერძენ მუსიკოსად მიიჩნეოდა.