სტუდენტებისთვის კარგი სამუშაო ადგილის პოვნა განსაკუთრებით რთულია, რადგან მათ უნარებს, მოტივაციასა და ხედვას ხშირად მცირე სამუშაო გამოცდილების გამო ყურადღებას ნაკლებად აქცევენ. იმ სტუდენტებსაც კი, რომელთაც რეალურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება უკვე აქვთ, არათანაბარ კონკურენციაში უწევთ ჩართვა, რა დროსაც დამსაქმებლები მრავალწლიანი სტაჟის მქონე ადამიანებზე აკეთებენ არჩევანს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით მასშტაბური ღონისძიება — Techworking Georgia გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტური showcase — Pitch Yourself! ჩატარდა.

Pitch Yourself — დამსაქმებელთან კავშირის დამყარების რეალური შანსი

ფოტო: BT

სტუდენტებზე ორიენტირებული ღონისძიება სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსს, Angel ინვესტორებთან გამოცდილების გაზიარების სესიასა და Pitch Yourself-ს აერთიანებდა, რომელმაც პირველ ჯერზე 10 სტუდენტს მისცა შესაძლებლობა, რომ პოტენციურ დამსაქმებლებთან საკუთარი გამოცდილების, განათლებისა და კარიერული მიზნების შესახებ ესაუბრათ.

BTU-ს კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის, მარიამ შოშიაშვილის თქმით, ეს წამოწყება სტუდენტებს დამსაქმებელთან რეალურ სივრცეში ურთიერთობისა და მათთვის თავის დამახსოვრების შესაძლებლობას აძლევს.

"Pitch Yourself არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროექტი, რომელიც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, რომ საკუთარი პროექტებით დააინტერესონ პოტენციური დამსაქმებლები, საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები. მსგავსი ინოვაციური პროექტები სტუდენტებს ბევრად დიდ შანსს აძლევს, რომ საკუთარი თავი დამსაქმებელს წარუდგინონ, პირადად გაიცნონ ისინი და თავი დაამახსოვრონ, რაც სამომავლოდ დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს მოუტანთ", — გვიამბობს მარიამ შოშიაშვილი.

პროექტში მონაწილე სტუდენტების გამოცდილება და მოლოდინები

მარიამ სპანდერაშვილი ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტია, რომელიც კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ახალი შესაძლებლობების დანახვის მიზნით პროექტში ჩაერთო და მისი თქმით, Pitch Yourself-მა შიშების დაძლევაც გაუიოლა.

"უნივერსიტეტიდან დამიკავშირდნენ და როგორც წარმატებულ სტუდენტს Techworking Georgia-ში მონაწილეობის მიღება შემომთავაზეს. პრეზენტაცია გავგზავნე, ტექსტი გააანალიზეს და აღმოვჩნდი ღონისძიებაზე. ყოველთვის მქონდა საჯაროდ გამოსვლის და ხალხთან საუბრის შიში და მსგავსი ღონისძიებები ამ შიშების დაძლევაში მეხმარება, არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებთან გამოცდილებების გაზიარებაც. მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რადგან წარმოდგენების ჩამოყალიბებასა და მოტივაციის მიცემას უწყობს ხელს", — აღნიშნავს მარიამ სპანდერაშვილი.

პროექტის კიდევ ერთი მონაწილე, დავით დანელია Microsoft-ში მუშაობს და სამომავლოდ სხვა დამსაქმებლის დაინტერესებაც მარტივად შეუძლია, თუმცა მისი თქმით, წამოწყებაში ჩართვა, თუნდაც გამოცდილების გაზიარებისა და ახალი კავშირების დასამყარებლად მაინც გადაწყვიტა.

"ბოლომდე ტექნოლოგიების ავტომატიზაციას მინდა მივყვე, რადგან ბავშვობიდან რობოტექნიკით ვიყავი დაინტერესებული. ვფიქრობ, რომ ტექნოლოგიური ავტომატიზაცია მომავალში ადამიანს გაუმარტივებს ისეთი რუტინული სამუშაოს შესრულებას, რასაც დიდი დრო მიაქვს. სხვადასხვა ორგანიზაციაში და სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის 3 წელზე მეტი ხნის გამოცდილება მაქვს. Pitch Yourself-ში მონაწილეობა პირველ რიგში გამოცდილების გაზიარებისთვის და კავშირების დასამყარებლად გადავწყვიტე. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი წამოწყებაა, რადგან ტექნოლოგიებით დაინტერესებულ, მონდომებულ ახალგაზრდებს, რომელთაც გამოცდილება არ აქვთ ან უკვე აქვთ, თუმცა რაღაც ახალს ეძებენ, დამსაქმებელთან საუბრის შესაძლებლობას აძლევს, — ამბობს დავითი.

ასეთი ღონისძიებით შეგიძლია ნათლად დაანახო დამსაქმებელს, ვინ ხარ, რა იცი და რა შეგიძლია, ისინიც უკეთ იგებენ, რომ მათ წინ დგას ის კადრი, რომლის გამოცდილება თუ მოტივაცია მათთვის, როგორც დამსაქმებლებისთვის, მომგებიანი იქნება.

დავით დანელია

დამსაქმებელი, რომელიც მოტივირებულ ახალგაზრდებს ეძებს

კომპანია Noxtton-ის დამფუძნებელი, გივი ჩხარტიშვილი პროექტში პოტენციური დამსაქმებლისა და ინვესტორის სტატუსით არის ჩართული. მისი თქმით, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სტუდენტების დასაქმებაა, რადგან "ტექნოლოგიურ ბაზარზე ძირითად რესურსს ქმნიან სწორედ ისეთი მოტივირებული სტუდენტები, როგორიც დღეს Pitch Yourself-ში მონაწილეობენ. ასეთი სტუდენტები არიან განვითარებისა და ტექნოლოგიური აქსელერაციის სათავეში".

გივი ჩხარტიშვილი იმასაც ამბობს, რომ წინასწარ არ აქვთ განსაზღვრული, როგორ ადამიანს ეძებენ და ყველაზე მნიშვნელოვნად ისეთი კადრების მოძიება მიაჩნიათ, რომელსაც თანატოლების თუ სოციუმის სხვა წევრების მოტივირება, მათთვის ინსპირაციის მიცემა და ამასთან, საკუთარი შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენება შეუძლიათ.

Noxtton-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მზად არიან, სამომავლოდ სხვა მსგავს აქტივობებში ჩაერთონ და იმედს გამოთქვამს, რომ "მსგავსი წამოწყებები რაოდენობითაც და სექტორულადაც კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება".

მოტივირებული სტუდენტები საკუთარი თავის დამსაქმებელთან პრეზენტაციას სამომავლოდაც შეძლებენ. მარიამ შოშიაშვილის თქმით, მსგავსი შესაძლებლობა იყო პირველი, თუმცა სამომავლოდ სტუდენტების ხელშეწყობას ისევ აპირებენ.

"პროექტი პირველად ტარდება, მაგრამ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ წამოწყებას და ვეცდებით, სულ უფრო მეტი სტუდენტი ჩავრთოთ, სხვადასხვა კომპანია დავაინტერესოთ და კიდევ უფრო მასშტაბური ფორმით ჩავატაროთ აღნიშნული ღონისძიება", — აღნიშნავს საუბრის დასასრულს მარიამ შოშიაშვილი.