ჯორჯ ორეულის მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული დისტოპიური რომანის 1984 გაყიდვა ბელარუსში აიკრძალა. ამის შესახებ ბელარუსული დამოუკიდებელი გამოცემა ნაშა ნივა წერს.

ეს ადგილობრივი მედია, რომელიც ლუკაშენკოს რეჟიმის მიმართ ოპოზიციურადაა განწყობილი, იუწყება, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ ოფიციალური სახელმწიფო ბრძანება, რომელიც წიგნის მაღაზიებს ორუელის საკულტო ანტიუტოპიური რომანის გაყიდვას უკრძალავს.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსში მანამდე, 16 მაისს, წიგნის მაღაზია "კნიგაუკაში" ჩხრეკის შემდეგ 200 "საეჭვო" წიგნი ამოიღეს და გამომცემელი ანდრეი იანუშკევიჩი დააკავეს, მოგვიანებით კი მას ადმინისტრაციული წესით 10-დღიანი პატიმრობაც მიუსაჯეს.

საყურადღებოა, რომ ბელარუსში 1984 ხელახლა სწორედ ანდრეი იანუშკევიჩის გამომცემლობამ გამოსცა 2020 წელს.

1984 საბჭოთა კავშირში არსებული ცენზურის გამო აღმოსავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში დიდხანს აკრძალული იყო. ბელარუსულად ის პირველად 1992 წელს ითარგმნა. ორუელის ეს ნაწარმოები ტოტალიტარიზმის, რეპრესიებისა და საყოველთაო კონტროლის კრიტიკის სიმბოლოდ ითვლება.

რაც შეეხება მედია ნაშა ნივას, ბელარუსში ის ერთ-ერთ იმ იშვიათ გამოცემად რჩება, რომელზეც რეჟიმის პროპაგანდა არ ვრცელდება. ამის გამო მათ ლუკაშენკოს ხელისუფლებასთან ხშირად ექმნებათ პრობლემები და 2022-ის დასაწყისში მას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ექსტრემისტული დაჯგუფებაც" უწოდა.

რუსეთში დააკავეს აქტივისტი, რომელიც გამვლელებს ჯორჯ ორუელის 1984-ს ურიგებდა