ფლორენციაში მდებარე ყავის ბარი 1 000 ევროთი დააჯარიმეს მას შემდეგ, რაც ერთ ფინჯან ესპრესოში გადახდილი საფასურით გაგულისებულმა მომხმარებელმა პოლიციაში დარეკა.

მომხმარებელმა მხოლოდ ყავის დალევის შემდეგ აღმოაჩინა, რომ კაფეში ფინჯანი ესპრესო 2 ევრო ღირს და პოლიცია გამოიძახა.

ცხადია, კაფე მაღალი ფასის გამო არ დაუჯარიმებიათ: როგორც The Guardian წერს, კლიენტი ჩიოდა, რომ ფასები დახლის უკან არ იყო გამოსაჩენ ადგილას წარმოდგენილი და მან ვერ ივარაუდა, თუ ყავა ასეთი ძვირი ეღირებოდა.

იტალიაში ესპრესოს საშუალო ფასი ერთი ევროა. გასულ რამდენიმე თვეში ეს ფასები კვებისა და სასმელი ობიექტების 70%-მა მაინც გაზარდა ცუდი მოსავლისა და მომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ვარაუდობენ, რომ ესპრესოს საშუალო ფასი უახლოეს მომავალში €1,50 გახდება.

კაფეს, სახელწოდებით Ditta Artigianale, მეპატრონემ, ფრანჩესკო სანაპომ სოციალურ მედიაში ვიდეო გამოაქვეყნა და თავისი ყავა დაიცვა: მისი თქმით, მის ბარში ყავა მექსიკის პატარა პლანტაციიდან ჩამოტანილი მარცვლებითა და "ჩემი ბარისტების განსაკუთრებული გულისყურით მზადდება".

"იმის გამო დამაჯარიმეს, რომ ვიღაცა უკოფეინო ყავაში ორი ევროს გადახდის გამო გაღიზიანდა. წარმოგიდგენიათ?", — ამბობს ის ვიდეოში და ამატებს, რომ ყავის ფასების ნახვა ციფრულ მენიუში იყო შესაძლებელი.

სანაპო აღნიშნავს, რომ თავისი ყავის ბარი, Ditta Artigianale ერთგვარად "რევოლუციური" იყო, როცა გახსნისას, 2013 წელს, იქ ესპრესო €1,50 ღირდა. "იყო უარყოფითი რეაქციებიც, დადებითი შეფასებებიც, მაგრამ აქამდე ამის გამო არავის დავუჯარიმებივარ", — თქვა მან.