ლონდონსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისში მაიმუნის ყვავილის 7 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან საზღვარგარეთ მოგზაურობას მხოლოდ ერთი მათგანი უკავშირდებოდა. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სააგენტოს (UKHSA) მიხედვით, შესაძლოა, იშვიათი დაავადება ახლა ადგილობრივ საზოგადოებაში ვრცელდებოდეს.

18 მაისს დაავადების რამდენიმე შემთხვევის შესახებ კიდევ ორმა ევროპულმა სახელმწიფომ განაცხადა, მათ შორის ესპანეთმა და პორტუგალიამ — ესპანეთში 8 შესაძლო შემთხვევას იძიებენ, პორტუგალიაში კი ხუთი დადასტურებული, თუმცა ათზე მეტი შესაძლო შემთხვევა დაფიქსირდა.

7 მაისს ჯანდაცვის სააგენტომ გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობასთან დაკავშირებული ერთი შემთხვევა დააფიქსირა — ინფიცირებულ პირს იგი ნიგერიაში ყოფნისას შეხვდა. ადამიანებს, რომელთაც მათთან ახლო კონტაქტი ჰქონდათ, ვირუსი არ დაუდასტურდათ. შემდეგ 14 მაისს გვამცნეს, რომ ლონდონში მაიმუნის ყვავილის კიდევ ორი შემთხვევა გამოავლინეს. 16 მაისს სააგენტომ ოთხი სხვა შემთხვევის შესახებ განაცხადა, რომელთაც წინა შემთხვევებთან კავშირი არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ ამ ოთხ პირთაგან, როგორც ჩანს, ყველა ლონდონში დაინფიცირდა. თითოეული მათგანი, მათივე თქმით, გეი ან ბისექსუალია.

როგორც წესი, აფრიკის გარეთ მაიმუნის ყვავილის გავრცელება საერთაშორისო მგზავრობას ან ცხოველთა იმპორტს უკავშირდება ხოლმე. გაერთიანებულ სამეფოში ინფიცირების 6 შემთხვევის მიზეზი ჯერად უცნობია. დაზუსტებული არც ისაა, უკავშირდება თუ არა მათ ესპანეთსა და პორტუგალიაში დაფიქსირებული შემთხვევები.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს (CDC) თუ დავუჯერებთ, მაიმუნის ყვავილი იშვიათი ინფექციაა, რომელსაც პოქსვირუსი იწვევს (ეს უკანასკნელი იმავე გვარსა და ოჯახს მიეკუთვნება, რომელსაც ყვავილის გამომწვევი ყვავილის ვირუსი). თავდაპირველად ვირუსი სიცხეს, თავისა და კუნთების ტკივილს, ასევე დაღლილობასა და ლიმფური კვანძების შესივებას იწვევს, შემდეგ კი სახეზე გამონაყარი ჩნდება, რომელიც მთელს სხეულზე ვრცელდება და თანდათანობით სითხიან ბუშტუკებს აჩენს.

ფოტო: The Hindu

აფრიკაში, რომლისთვისაც მაიმუნის ყვავილი ენდემური დაავადებაა, ინფექცია შემთხვევათა დაახლოებით 10%-ში სრულდება სიკვდილით, თუმცა უმეტესწილად იგი მსუბუქად მიმდინარეობს და ორიდან ოთხ კვირამდე ვადაში იკურნება.

როგორც წესი, მაიმუნის ყვავილის ვირუსი ადამიანებს შორის მარტივად არ ვრცელდება. CDC-ის მიხედვით, მას სხეულში შეღწევა დაზიანებული კანიდან, სასუნთქი ტრაქტიდან ან თვალების, ცხვირის ან პირის ლორწოვანი გარსიდან შეუძლია. მიჩნეულია, რომ ყველაზე ხშირად დაავადება ვირუსით გაჟღენთილი ნერწყვისა და ლორწოს წვეთებით გადაეცემა.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვეულებრივ წვეთები მეტრების დაშორებით არ ვრცელდება, გადადებისათვის ხანგრძლივი პირდაპირი კონტაქტია საჭირო. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, ვირუსი დაბინძურებული ობიექტებიდანაც გადაეცეს, განსაკუთრებით ტანსაცმლიდან და სელის ქსოვილიდან. სახიფათოა დაზიანებული კანის კონტაქტი ინფიცირებულ ფიზიოლოგიურ სითხეებთანაც.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.