ყოველმხრივ სანქცირებული რუსეთი არ აღიარებს, რომ უკრაინელების შეუპოვრობისა და დასავლეთის უპრეცენდენტო გაერთიანების ფონზე, დღეს რესურსებამოწურული რუსული ჯარი წარუმატებელია. თუმცა სანამ მსოფლიო იმ ეტაპამდე მივიდოდა, რომ ერთ დროს "უძლეველობის" მითებს ამოფარებული ვლადიმერ პუტინი ცივილიზებულ სამყაროს ჩამოეშორებინა, იყო ძალიან ბევრი მოთხოვნა, დიპლომატიური ზარები და ფრაზები "მეტი იარაღი უკრაინას, მეტი სანქცია რუსეთს".

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანუ, როგორც POLITICO-თან ინტერვიუში საკუთარ თავს უწოდა — ომის საგარეო საქმეთა მინისტრმა — დმიტრო კულებამ ყველას, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებს, თავი ამით დაამახსოვრა. ის ქვეყნის გადარჩენის გზებს ეძებდა და ხშირად შაბლონური დიპლომატიისგან განსხვავებულ ფორმებსა და რიტორიკას იყენებდა.

უკრაინის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მინისტრის გზა საგარეო უწყების ხელმძღვანელობამდე დიდ გამოცდილებას ითვლის. მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობას 2 წელია იკავებს, მისი ხედვა ქვეყნის თავისუფლებისა და ევროპული მომავლის შესახებ პუტინის ომში უკრაინის გაძლიერებისთვის გადამწყვეტიცაა.

2014 წელი, ბრძოლა თავისუფლებისთვის

2013-2014 წლებში ევრომაიდანის რევოლუციის ერთ-ერთი მონაწილე იყო — როგორც რიგითი უკრაინელი იცავდა უფლებას, ეცხოვრათ დემოკრატიულ ქვეყანაში. თუმცა უიმედო, რომ ცვლილებები შესაძლებელი იყო, რამდენიმე დღე პროტესტის ტალღას არ შეერთებია.

"დღე არ გავიდოდა, რომ ჩემი უახლოესი მეგობრისგან შეტყობინება არ მიმეღო, რომელშიც პროტესტში მონაწილეობას მომიწოდებდა: "გამოდი მაიდანზე. დროა, ჩვენი არჩევანი დავიცვათ". მიუხედავად იმისა, რომ თავაზიანად ვპასუხობდი, არ გავსულვარ. ცვლილებების აღარ მჯეროდა", — იხსენებს კულება Friends of Europe-თვის დაწერილ ბლოგში.

გარდამტეხი აღმოჩნდა 30 ნოემბრის საღამო, როცა ევრომაიდანზე სიტუაცია დაიძაბა და პოლიციამ მშვიდობიანი მოქალაქეები ძალადობრივად დაარბია, განსაკუთრებით, სტუდენტები.

"ჩემი 7 წლის შვილი წავიყვანე და გამოვედით ქუჩებში, რათა ჩაგვრა გაგვეპროტესტებინა და გვებრძოლა დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების უფლებისთვის".

რევოლუცია, ანუ უკრაინელების ბრძოლა ძალადობრივი და პრორუსული რეჟიმის წინააღმდეგ, გამარჯვებით დასრულდა. დმიტრო კულება იხსენებს, რომ ამის შემდეგ ბიზნესში დაბრუნდა, თუმცა იმ მოგონებებთან ერთად, რომელიც ამ დღეებს მუდამ ახსენებდა.

ჩემი, როგორც პროტესტის მონაწილის მისია დასრულებული იყო, ბიზნესში დავბრუნდი, თუმცა ჩემთან ერთად იყო ცეცხლის სუნი, დაჭრილების კივილი და გარდაცვლილთა დუმილი

ბიზნესი დიდხანს არ გაგრძელებულა. დიპლომატიურმა გამოცდილებამ და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის განგრძობითმა აგრესიამ აიძულა, კერძო სექტორიდან ისევ დიპლომატიურ კორპუსში დაბრუნებულიყო. დახმარება უნდოდა.

ამბობს, რომ მისი ისტორია იმ უკრაინელებისას ჰგავს, რომლებიც პოლიტიკაში, მთავრობაში, სასამართლო სისტემაში, სამართალდამცავ ორგანოებსა და ჯარში რევოლუციის დაპირების შესრულების განზრახვით წავიდნენ.

რევოლუციამ მთლიანი ერის ტრაექტორია შეცვალა.

კულება თავის ბლოგში ჰყვება, რომ 2014 წელს, ანუ რევოლუციის შემდეგ, ოპტიმიზმის მოზღვავება ჰქონდა — ისევ სჯეროდა ცვლილებების.

"თუმცა გულუბრყვილო ვიყავი, როცა ვფიქრობდი, რომ სწრაფი ცვლილება შესაძლებელი იყო. ბევრი ვიყავით ასე. ოპტიმიზმი და მხნეობა აუცილებელია, თუმცა არამდგრადია. ნებისმიერი, ვისაც ძველი სისტემის დაშლა და ახალის აშენება სურს, მზად უნდა იყოს წარუმატებლობისა და დაბრკოლებებისთვის".

მისი თქმით, 2017-2018 წლებში უკრაინელებმა მიიღეს რეალობა, რომ მათი მომავლისთვის ბრძოლა არ იქნებოდა მოკლევადიანი მისია. კულება აღნიშნავს, რომ რამდენადაც რევოლუცია არის ცვლილებებისკენ ბიძგი, იმდენად მათ შესანარჩუნებლად მყარი სისტემაა საჭირო, რომელსაც უკრაინა რუსეთის თანმდევი აგრესიის პარალელურად მუდმივად აშენებდა.

"რევოლუციამ გაათავისუფლა ცვლილებების შემოქმედებითი ძალები და მოგვცა უნიკალური შესაძლებლობა, დაგვეცვა ჩვენი არჩევანი. როგორც მაშინ ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, რევოლუციამ მოგვცა შესაძლებლობა, შეგვექმნა დემოკრატია, რომელიც საკუთარი ხალხისთვის სამართლიანობის უზრუნველყოფას შეძლებდა. ჩვენ მას არ გავფლანგავთ".

დიპლომატიაში დაბრუნების შემდეგ, კულება ყოველთვის იკვეთებოდა უკრაინის არჩეულ გზასთან — დასავლეთთან. 2016-2019 წლებში ევროპის საბჭოში უკრაინის წარმომადგენელი იყო, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნამდე, ევროკავშირისა და NATO-ს საკითხებში პრემიერმინისტრის მოადგილე.

ფოტო: Hennadiy Minchenko

უკრაინული მედია 2020 წელს წერდა, რატომ ჩაანაცვლა კულებამ ძველი მინისტრი და ყურადღებას შეფერხებულ მუშაობაზე ამახვილებდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ კულებას, როგორც ახალ მინისტრს, ჰქონდა მისია "გადაეტვირთა" უკრაინული დიპლომატია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან შენელებული იყო.

"რამდენიმე წლის წინ დიპლომატები გამუდმებით დაობდნენ, რომ მათ შეუძლიათ იყვნენ ეფექტურები საგარეო პოლიტიკის ფრონტზე. შესაბამისად, არსებული საკადრო ცვლილებები უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ წერტილი დაესვას ხანგრძლივ "პაუზას" და ისინი უკრაინის სასარგებლოდ, რეალურ, აქტიურ მუშაობას დაუბრუნდნენ", — აღნიშნული იყო European Truth-ის სტატიაში.

კულებას რომ უკრაინის ევროპული მიმართულების გაძლიერება სურდა და მისი დანიშვნაც, მეტწილად, ამას ემსახურებოდა, ეს პოსტზე მოსვლის შემდეგ ჩამოყალიბებული პრიორიტეტებიდანაც მეტყველებს. თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ანუ 2020 წლის 4 მარტს საზოგადოებას თავისი ხედვები გააცნო და რამდენიმე მიმართულება გამოყო.

ის, როგორც ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, უპირველეს ყოვლისა, თავის სამუშაოს უკრაინის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის გაძლიერებაში ხედავდა. მეორე მიმართულება გახლდათ ეკონომიკური დიპლომატია, სადაც კულებას განსაკუთრებით დიდ შესაძლებლობად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია ესახებოდა, თუმცა აღნიშნავდა, რომ ყველგან, სადაც იყო უკრაინული ბიზნესის შესაძლებლობები, უკრაინული დიპლომატია იმუშავებდა.

მესამე მიმართულებად გამოყო სახალხო დიპლომატია, რათა მსოფლიოს დაენახა, რომ უკრაინა იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ რუსული აგრესიის მსხვერპლი. ასევე, საუბრობდა ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრები უკრაინელების მხარდაჭერასა და მოტივაციაზე.

ყველა უკრაინელი არის წვეთი ოკეანეში, რომელსაც უკრაინა ჰქვია, ეს განუყოფელი ნაწილია ჩვენი ხალხის. დიპლომატები ყველაფერს გააკეთებენ, რათა თითოეული უკრაინელმა სამშობლოთი იამაყოს, გრძნობდეს მხარდაჭერასა და მფარველობას, მსოფლიოს რომელ წერტილშიც არ უნდა იყვნენ.

2022 წელი, ისევ თავისუფლებისთვის

"უკრაინა დასავლეთის ნაწილია. NATO და ევროკავშირი კი სწორედ ასე უნდა მოექცნენ მას", — წერს კულება Foreign Affair-ის სტატიაში, რუსული ომის დაწყებამდე თვეებით ადრე.

ის ხაზს უსვამს, რომ მილიონობით ახალგაზრდა უკრაინელს საბჭოთა კავშირში ერთი დღეც არ უცხოვრია და მათ ევროატლანტიკური მომავლისთვის მძიმე ფასი გადაიხადეს.

"ამ ახალგაზრდებმა იცხოვრეს ორი რევოლუციის დროს — პირველი, 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუცია და შემდეგ, 2014 წელს ღირსების რევოლუცია. მათთვის, უკრაინას არასდროს მოუპოვებია დამოუკიდებლობა, ის ყოველთვის დამოუკიდებელი იყო".

დღეს დამოუკიდებლობაში დაბადებულ უკრაინელებს ისევ უწევთ ბრძოლა სისხლით და ცეცხლით მოპოვებული თავისუფლების დასაცავად. 24 თებერვლის შემდეგ, ამ ბრძოლაშია ჩართული ყველა, სხვადასხვა გზით, სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა ხედვით. იდეა ერთია — უნდა დამარცხდეს ის რეჟიმი, რომელიც მსოფლიო უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს, ხოცავს ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს, ჩადის ომის დანაშაულებს და ანადგურებს იმ ღირებულებებს, რომელზეც აიგო 21-ე საუკუნის თავისუფალი მსოფლიო.

ფოტო: usukraine.org

ამ ბრძოლაშია დმიტრო კულებაც, დიპლომატიის გზით. მისი განცხადებები ხშირად ხისტი და კრიტიკულია, თუმცა ლეგიტიმური. ომის დაწყების პირველივე დღეებიდან მიაღწია იმას, რომ მსოფლიო დეპუტინიზაციის სურვილის ირგვლივ გაერთიანდა — აგრესორი ქვეყანა გათიშეს SWIFT-დან, ბიზნესებმა შეწყვიტეს ოპერირება რუსეთში, დასანქცირდა არაერთი მაღალჩინოსანი, ხოლო დასავლელი პარტნიორებმა გაზარდეს სამხედრო მხარდაჭერა.

როცა ჩემი კოლეგები მირეკავენ და მეკითხებიან, როგორ შეუძლიათ დახმარება, მე ყოველთვის ორ რამეს ვეუბნები: იარაღები და სანქციები. მოგვეცით იარაღები და დააწესეთ სანქციები — ჩვენ, უკრაინელები გავაკეთებთ დანარჩენს.

თუმცა არის კი ეს საკმარისი? დღეს კულებას, როგორც ომის საგარეო საქმეთა მინისტრს, მთავარ მიზნად მოლაპარკებების პროცესამდე კიევის გაძლიერება ესახება, რისი მიღწევის გზებიც, კიდევ ერთხელ, სანქციებსა და იარაღებზე გადის. ის ამ საკითხში კრიტიკულია და სჯერა, რომ თუ აშშ და დასავლეთი უკრაინას ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე გამოუცხადებდნენ მეტ ნდობას, ახლა ბევრად მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას შეძლებდნენ.

"ჩვენი პარტნიორები თავშეკავებულები იყვნენ", — აცხადებს კულება POLITICO-თან ინტერვიუში და აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის გამოცხადებამდე სთხოვდა პარტნიორებს შესაბამის აღჭურვილობას, რადგან სამხედროების გადამზადებას კვირები დასჭირდებოდა.

"საათები და დღეები რომ არ დაგვეკარგა ევროპასა და აშშ-ში პარტნიორებისთვის იმის ასახსნელად, რატომ გვჭირდება კონკრეტული იარაღი და არა სხვა, ყველა იარაღს უკვე მივიღებდით. ყველა ადამიანს გადავამზადებდით და ადგილზე სიტუაცია უფრო განსხვავებული იქნებოდა, ბევრად უფრო უკეთესი [...] ეს ის საკითხია, სადაც ყველა ჩვენგანმა დრო დაკარგა და პუტინს მისცა საშუალება მიეღო ის, რაც არ უნდა მიეღო", — ამბობს ის.

მისი თქმით, გარდამტეხი მომენტი, რამაც დასავლელი პარტნიორები მხარდაჭერის გაძლიერებაში დაარწმუნა, უკრაინის სამხედრო წარმატება იყო.

ხალხს უყვარს წარმატების ისტორიები და ჩვენ გვაქვს წარმატების ისტორია, რადგან გავძელით იმაზე დიდხანს, ვიდრე ვინმე მოელოდა.

კულება აღნიშნავს, რომ დღეს ომის მიზნები მათთვის შეიცვალა — იმან, რაც რუსეთმა ქვეყანას გაუკეთა, შეცვალა უკრაინელების აზრი გამარჯვებასთან დაკავშირებით. თუ თავიდან გამარჯვებად ის ესახებოდათ, რომ რუსეთისთვის მეტი ტერიტორიის ოკუპირების საშუალება არ მიეცათ, დღეს კიევი მხოლოდ უკრაინის მიწის სრული კონტროლით დაკმაყოფილდება. თუმცა მისი თქმით, ეს სულაც არ ნიშნავს სრულ სამხედრო გამარჯვებას.

ყველა ომი სრულდება დიპლომატიით. კითხვა შემდეგი მდგომარეობას — როცა დიპლომატიის დრო მოვა, ხარ თუ არა იმ პოზიციაში, რომ ომი შენი პირობებით დაასრულო? შეუძლია თუ არა მოწინააღმდეგეს მისი პირობებით დასრულება? თუ ის შეთანხმება შედგება, რომელიც არავის მოსწონს, არავის ინტერესებს ერგება და ომს სამომავლოდ გადაავადებს.

ევროკავშირი უკვე სანქციების მე-6 პაკეტზე მუშაობს და თითოეული წინაზე უფრო მწვავეა, თუმცა დასავლელი პარტნიორების მიმართ უკრაინის გზავნილი არ იცვლება. დმიტრო კულება პარტნიორებს კვლავ მეტი სანქციის დაწესებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს რაც შეიძლება, სწრაფად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე უნდა გაკეთდეს.

ის არ ერიდება გააკრიტიკოს მოკავშირეები, როცა მათი დროში გაჭიანურებული ნაბიჯები არ მოსწონს. 23 მარტს The Economist-თან ინტერვიუში მიუთითებდა, რომ ევროკავშირი რუსული ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი მთავარ მოთამაშის პოზიციიდან "ნორმალურ მდგომარეობას" უბრუნდება, რასაც სამწუხაროს უწოდებს.

"ეს უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობაა ევროკავშირისთვის, რომ რეალობად აქციონ ის, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ. ამბობენ, რომ უნდათ იყვნენ გეოსტრატეგიული ძალა, უნდათ ჰქონდეთ ბერკეტები, უნდათ ცვლილებების განხორციელება. თუმცა თუ ისე გააგრძელებენ, როგორც ბოლო დღეებში, რეპუტაციას დაკარგავენ. დაკარგავენ ყველაფერს, რასაც ომის დაწყების პირველ დღეებსა და კვირებში მიაღწიეს".

ის ყოველდღე ახსენებს მსოფლიოს, რომ მორალური და პასუხისმგებლიან ნაბიჯზე მეტად არაფერია საჭირო, ხოლო დეპუტინიზაცია ყველა სფეროში რუსეთის გავლენისგან თავის დაღწევას ნიშნავს. სწორედ ამ მოწოდებებითა და მოთხოვნებით აგრძელებს თავის დიპლომატიურ გზას რუსეთის წინააღმდეგ, რის შედეგადაც ისტორია მის სახელს ომის საგარეო საქმეთა მინისტრად დაიმახსოვრებს.