2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან უცხოეთში 1,59 მილიარდი დოლარის საქონელი გავიდა (წლიური ზრდა 33,4%), ხოლო იმპორტის მოცულობამ 3,67 მილიარდი შეადგინა (ზრდა 32,8%). შესაბამისად, მიმდინარე წლის ოთხ თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვა (ექსპორტისა და იმპორტის ჯამი) $5,3 მილიარდი იყო.

ასეთია საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნების სია 2022 წლის იანვარ-აპრილის სავაჭრო ბრუნვის მიხედვით:

  1. თურქეთი — $766 მილიონი;
  2. ჩინეთი — $615 მილიონი;
  3. რუსეთი — $560 მილიონი;
  4. აზერბაიჯანი — $445 მილიონი;
  5. აშშ — $293 მილიონი;
  6. სომხეთი — $254 მილიონი;
  7. ბულგარეთი — $216 მილიონი;
  8. გერმანია — $192 მილიონი;
  9. უკრაინა — $146 მილიონი;
  10. იტალია — $99 მილიონი.

სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77,3% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი ($290,4 მლნ), აზერბაიჯანი ($168,4 მლნ) და რუსეთი ($156,4 მლნ).

ამასთან, იმპორტიორი ქვეყნების პირველ სამეულშია თურქეთი ($637,8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი ($403,3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი ($324,3 მლნ. აშშ დოლარი).

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 363,3 მილიონი აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22,9%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 195,4 მილიონი აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12,3%), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 132 მილიონი აშშ დოლარით (8,3%).

რაც შეეხება იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წლის იანვარ-აპრილში წარმოდგენილი იყო ნავთობი და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტის მოცულობაც 337,1 მილიონი აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9,2% იყო. მეორე ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 319,7 მილიონი აშშ დოლარით (იმპორტის 8,7%), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 266 მილიონი აშშ დოლარით (იმპორტის 7,3%).