პროკურატურის ინფორმაციით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით დააკავეს.

მათი ცნობით, ყოფილმა ბუღალტერმა 2019-2021 წლებში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა 142 629,7 ლარი, რომელიც აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ გასართობ ობიექტებში გამოიყენა.

უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.