NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ წერს, რომ ალიანსი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს სრულად უჭერს მხარს. მისი თქმით, საუბარი რუსეთ-უკრაინის ომსაც შეეხებოდა.

"შევხვდი საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, NATO-ს ახლო პარტნიორს. NATO სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს", — წერს ის.

სტოლტენბერგი ღარიბაშვილს დღეს, 18 მაისს შეხვდა. თავდაპირველად, NATO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეხვედრა გაუქმდა, თუმცა დეტალები განხილული არ იყო. მოგვიანებით, ვებსაიტზე ინფორმაცია განახლდა. ანონსში ეწერა, რომ სტოლტენბერგი ღარიბაშვილს დღეს მიიღებდა.