კანის 75-ე კინოფესტივალის ოფიციალურ პოსტერზე გამოსახულმა კადრმა ფილმიდან “ტრუმენის შოუ” აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია: ერთნი ამბობდნენ პირობითი და ყალბი სამყაროს მხილებააო; ზოგი ამ სიმულაციის გარღვევის მეტაფორაზე წერდა, სხვები პოსტერზე უკრაინის დროშის ფერებს ეძებდნენ; დანარჩენებისთვის მარტივად, ევროპული კინოფესტივალი ამერიკელ ჯიმ ქერის დაემშვიდობა.

ჟან პიერ და ლუკ დარდენები, რუბენ ოსტლუნდი,დევიდ კრონენბერგი, კრისტიან მუნჯიუ, ალბერტ სერა, სალი აბასი და სხვები, — წლევანდელ საკონკურსო პროგრამაში 21 მხატვრული კინოფილმია; ერთმანეთს რადიკალურად განსხვავებული კინოსურათები ეჯიბრება.

ათი დღის განმავლობაში ამ კინოფილმებს წლევანდელი ჟიურის თავმჯდომარე მსახიობი ვენსან ლენდონი, ასგარ ფარადისთან, იოაშიმ ტრიერთან, რებეკა ჰოლისთან და სხვებთან ერთად შეაფასებს.

დღეს გახსნის ცერემონია ტრადიციული, მომხიბვლელი სასცენო გაფორმებით, ვიდეო-კოლაჟებით და კინოს მნიშვნელობის განმარტებებით გაიხსნა. ამღერებული დარბაზისთვის განწყობა მოულოდნელად შეიცვალა, როდესაც ლუმიერების კინოდარბაზში შეკრებილებს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო ჩართვით მიმართა.

"დიქტატორი დამარცხდება", — თქვა პრეზიდენტმა, რომელმაც ყველაზე წარმატებულ, ცნობილ და გავლენიან აუდიტორიას სთხოვა უკრაინაში მიმდინარე ომი არ დაივიწყონ.

ოფიციალური გახსნის შემდეგ, არასაკონკურსო სექციაში წარმოდგენილი, მიშელ ჰაზანავიჩუსის კომედია უჩვენეს.