სირცხვილიას განცხადებით, პოლიციელებმა გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში ჯარიმის ჩასაბარებლად მისული მოძრაობის დირექტორი გიორგი მჟავანაძე დააკავეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მათი თქმით, მჟავანაძეს ხელბორკილები მას შემდეგ დაადეს, რაც პოლიციელმა ჰკითხა თუ ვის ელოდებოდა, რაზეც მჟავანაძემ თქვა, რომ "ვიღაც პოლიციელს". პასუხად, სამართალდამცავმა უთხრა:

"შენი ვიღაცაა პოლიციელი?"

სირცხვილიას ცნობით, პოლიციელმა სხვა თანამშრომლებთან ერთად, მჟავანაძე შენობიდან გააგდო და რეპლიკის შემდეგ, "ამას რას ელოლიავებით, დააკავავეთ", ხელმორკილები დაადეს.

"ბორკილებდადებულ გიორგის 3 პოლიციელი რამდენჯერმე ურტყამს სახეში ხელს! ეს ხდებოდა პოლიციის განყოფილების პირველ სართულზე, ცენტრალური შესასვლელიდან რამდენიმე მეტრში", — ამბობენ მოძრაობაში.

სირცხვილიას განცხადებით, მჟავანაძე ზაჰესში, დაკავების იზოლატორშია გადაყვანი. ამასთან, მათივე ცნობით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და სახალხო დამცველის აპარატს უკვე დაუკავშირდნენ.

"გიორგის პოლიციამ განუცხადა, რომ განყოფილების შენობაში და მის მიმდებარედ კამერები გამორთულია. პოლიცია რომ თავად არის დანაშაულის ჩამდენიცა და დამფარავიც, ეს უკვე არაერთხელ გამოჩნდა, თუმცა, ჩვენი მოძრაობის წევრებზე მიზანმიმართულ დევნასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აუცილებლად გაეცემა პასუხი მოძრაობის მხრიდან! დეტალების გარკვევისთანავე მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას გიორგის მდგომარეობასთან დაკავშირებით", — აღნიშნავენ ისინი.

On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მჟავანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული.