ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი კომპანია CS Victims-ი მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ Credit Suisse-ი პოლიტიკური ზეწოლის გამოყენებით საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის რეპუტაციის შელახვას ცდილობს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ივანიშვილის მორიგი დავა ბერმუდის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხება, რაც Credit Suisse-ის მოსარჩელეებისთვის 600 მილიონი დოლარის გადახდას გულისხმობს. განცხადების მიხედვით, სექტემბერში სინგაპურის სასამართლოში ჩანიშნულია პროცესი, რომელიც ბანკის მიერ ბენეფიციარებისთვის მიყენებულ 800 მილიონიან ზარალს ეხება.

"ის ფაქტი, რომ Credit Suisse-ის შვილობილმა კომპანიამ ვერ შეასრულა 11 აპრილის ინსტრუქციები მიუთითებს ბანკის მიდგომაზე, რომელიც არ ემსახურება ბენეფიციარების ინტერესებს და არღვევს შესაბამის სტანდარტებს.

მეტიც, ეს გვაფიქრებინებს, რომ Credit Suisse-ი ცდილობს გამოიყენოს პოლიტიკური ზეწოლა, როგორც საშუალება, რათა შელახოს ივანიშვილის რეპუტაცია და ეს ასე უნდა იყოს კვალიფიცირებული.

სამწუხაროდ, ბანკის ასეთი ქმედებები ჩვენ აღარ გვაკვირვებს — ჩვენი კლიენტი [ივანიშვილი] ბანკთან ურთიერთობის შედეგად სხვადასხვა იურისდიქციაში სასამართლო პროცესებს აწარმოებს. ნორმალურად არ მიგვაჩნია, რომ Credit Suisse-ი მოვალეობების შეუსრულებლობასა და კლიენტების უპატივცემულობას განაგრძობს, როდესაც ბანკი ამდენი პრობლემის წინაშე დგას", — ნათქვამია ივანიშვილის სპიკერის განცხადებაში.

მიმდინარე წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკს Credit Suisse-ს დავა მოუგო. სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად, ბანკს ივანიშვილისთვის 500 მილიონის გადახდა დაეკისრა.

ივანიშვილი ახლა Credit Suisse-ის რწმუნებულ კომპანიას უჩივის, რომელმაც, მისი თქმით, თანხის გადაცემა შეაფერხა და ამის მიზეზად "აღმოსავლეთ ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური გარემო" დაასახელა. ივანიშვილის PR კომპანია წერს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის სხვა ბენეფიციარებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან არანაირი კავშირი აქვთ და არც რაიმე ტიპის სანქციებს ექვემდებარებიან.

11 მაისს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც თქვა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის მხრიდან Credit Suisse-თან გლობალურად წარმოებულ კომპლექსურ დავას ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი "მეტად საეჭვოდ" დაემთხვა.

ყიფიანის თქმით, მიმდინარე წლის მარტიდან მოყოლებული აპრილის შუა რიცხვებამდე ივანიშვილს ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში "გარკვეული შეფერხებები" შეექმნა.

ადვოკატისვე თქმით, ყოველივე ამას "დროში უცნაურად ემთხვევა" ივანიშვილის მიერ გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებული გართულებაც.

ყიფიანმა თქვა, რომ ხელოვნების ნიმუშების გადაადგილებასთან და ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებული პრობლემები არ უკავშირდება ივანიშვილის მხრიდან Credit Suisse-თან მიმდინარე დავას და ხაზს უსვამს, რომ "ხელოვნურად შექმნილი" პრობლემები ივანიშვილმა იურიდიული გზებით მოაგვარა.