რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების საპასუხოდ ცნობილმა ბრენდებმა აგრესორი ქვეყნის ბაზარი დატოვეს. მაშინ ქართველი ილუსტრატორის, ბექა ბერიძის, სახუმარო ილუსტრაციებზე გვეცინებოდა — როგორ ჩაანაცვლებდნენ რუსები ამ ბრენდებსო. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ხუმრობა მომავლის რეალობისგან შორს არ ყოფილა.

მოკლედ, გაიცანით ქულ-კოლა, ფენსი და სტრიტი — რუსული წარმოების გაზიანი სასმელები. სახელებიდან ალბათ ადვილად მიხვდებოდით, რომ მათ კოკა-კოლა, ფანტა და სპრაიტი უნდა ჩაანაცვლონ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სასმელების მწარმოებელი ბრენდი Ochakovo ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც კოკა-კოლამ მარტის თვეში რუსეთში საქმიანობა შეაჩერა, ცნობილი ბრენდის წარმოებული პროდუქტები ძნელად თუ იშოვება მაღაზიებში, თაროებზე შემორჩენილი ბოთლების ფასი კი ლამის 200 პროცენტითაა გაზრდილი.

თუმცა, ქულ-კოლას მწარმოებელი ირწმუნება, რომ ოჩაკოვოს "კოლას ლეგენდარული გემო" აქვს. ამასთან, ფენსი ფანტას ფორთოხლის გემოსაა მიმსგავსებული, სტრიტი კი — სპრაიტის ლიმონის გემოს ალტერნატივაა.

სხვათა შორის, Ochakovo ჯერ კიდევ 1970-იან წლებში, საბჭოთა კავშირში დაფუძნდა და მას შემდეგ რუსულ ტრადიციულ წვენებს აწარმოებს. თუმცა, ბრენდი ერთადერთი არაა, ვინც რუსეთში კოკა-კოლას ჩანაცვლება მოისურვა.

წინა თვეში გაზიანი სასმელების მოყვარულ რუსებს მწარმოებელმა Slavda Group-მა გრინკ-კოლა შესთავაზა. რამდენიმე დღის წინ კი რუსეთის შემადგენლობაში მყოფ კომის რესპუბლიკაში კომი-კოლას წარმოებას მიჰყვეს ხელი.

ამის მიუხედავად, მომხმარებელი დიდად კმაყოფილი არცერთი ალტერნატივით დარჩენილა. ისინი აცხადებენ, რომ სასმელი "არც ტკბილია და არც შუშხუნა".