დიდი რაოდენობით პოლიციის მობილიზების მიუხედავად, დემონსტრაციამ შაბათს მშვიდობიანად ჩაიარა — ხელისუფლებას აქციის ჩატარებისთვის ხელი არ შეუშლია. ღონისძიების დაწყებამდე, პროტესტის 26 მონაწილე დააკავეს და იმავე საღამოს ქალაქის სხვადასხვა გარეუბანში გაათავისუფლეს.

აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ ფრაზებს: "არ მოკლა სამართალი, შეაჩერე კრიმინალი", "არ გვინდა მაფიოზური სახელმწიფო" და "უარი თქვი დიქტატურაზე".

პოლიცია შადრევანის მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აქციის მონაწილეების მსვლელობას მიჰყვებოდა, რათა პროტესტი დიდ ფართობზე არ გავრცელებულიყო.

მარშის დასასრულს, ორგანიზატორებმა ჟურნალისტებისა და დემოკრატიის მომხრე აქტივისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის შემთხვევები ჩამოთვალეს.

"ტოფიგ იაგუბლუ პოლიციის განყოფილებიდან გაიყვანეს და სასტიკად სცემეს; ჟურნალისტი, ავაზ ჰაფიზლი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს; სამირ აშუროვი და სხვა მიგრანტები აწამეს და ქვეყანაში დეპორტაციის შემდეგ დააკავეს; ბახტიარ ჰაჯიევი გაიტაცეს და დაამცირეს".

დემონსტრაციის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ელშად ჰაჯიევმა განაცხადა, რომ მარშმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა და არავინ დაუკავებიათ.

ახალი ამბების სააგენტოს, Abzas მთავარმა რედაქტორმა, ულვი ჰასანლიმ და ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ჟურნალისტ აიტენ მამადოვაზე ბოლო თავდასხმა გაიხსენეს.

"დანა, რომლითაც აიტან მამადოვა ყელში დაჭრეს, არის დანა აზერბაიჯანის ყველა ჟურნალისტის ყელში. შეუძლებელია დამოუკიდებელი მედიისა და თავისუფალი ჟურნალისტების შენარჩუნება ასეთი მუქარებისა და ზეწოლების ქვეშ", — უთხრა ჰასანლიმ OC Media-ს.

"ჩვენი მოთხოვნებია, რომ ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები გამოიძიონ, ხოლო სახელმწიფომ და სამართალდამცავმა ორგანოებმა წერტილი დაუსვან მსგავს ინციდენტებს. თუ ეს დანაშაულები გაგრძელდება, პროტესტები აღდგება და უფრო სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება. სიტუაცია ასე ვეღარ გაგრძელდება".

აზერბაიჯანში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის საელჩოებმა შეკრების თავისუფლების მხარდაჭერის შესახებ განცხადებები გააკეთეს.

ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ "ყველა ბრალდება ძალადობის შესახებ საფუძვლიანად უნდა გამოიძიონ".

"მშვიდობიანი შეკრების უფლება და მედიის დამოუკიდებლობა თავისუფალი საზოგადოების საყრდენია. ამ უფლებების დაცვას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ბოლო ინციდენტები, როგორებიცაა 14 მაისს მშვიდობიანი პროტესტის დაშლა, ჟურნალისტებისა და ბლოგერების, მათ შორის, ბახტიარ ჰაჯიევისა და აიტან მამადოვას წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა. ყველა ბრალდება ძალადობის შესახებ საფუძვლიანად უნდა გამოიძიონ", — აღნიშნულია განცხადებაში.

ამ განცხადებას დეპუტატი, ბაჰრუზ მაჰარამოვი პარლამენტში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "აზერბაიჯანში ბრიტანეთის საელჩოს მცდელობა, საკუთარ თავზე აიღოს "მართლმსაჯულების ჟანდარმის" მისია, გასაკვირია და სამწუხაროა". მისი თქმით, საელჩომ ყურადღება უნდა მიაქციოს "ბრიტანეთის პოლიციის მიერ ბოლო წლებში ჩადენილ არაერთ ძალადობრივ ქმედებას".

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.