კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრები წყალმცენარეების კომპიუტერის ენერგიის წყაროდ ერთი წლის განმავლობაში იყენებდნენ. სისტემა AA ელემენტის ზომის იყო და ეფუძნებოდა არატოქსიკური წყალმცენარის სახეობას, რომელსაც synechocystis-ს უწოდებენ.

წყალმცენარეები "ბუნებრივად იღებენ ენერგიას მზისგან, ფოტოსინთეზის გავლით", — ამბობენ კემბრიჯის უნივერსიტეტში. აქ მკვლევრებს სჯერათ, რომ მათ მიერ შექმნილ "სისტემას აქვს პოტენციალი, იყოს სანდო და განახლებადი წყარო პატარა მოწყობილობების ენერგიით მოსამარაგებლად". გარდა ამისა, მკვლევართა თქმით, სისტემა შეიქმნა "უბრალო, იაფი და დიდწილად გადამუშავებადი მასალისგან".

"ეს ნიშნავს, რომ მარტივად შეიძლება ამ სისტემის რეპლიკაცია ასიათასჯერაც კი, იმისათვის რომ დიდი რაოდენობით პატარა მოწყობილობის ენერგიით მომარაგება უზრუნველვყოთ, ნივთების ინტერნეტის (IoT) ფარგლებში", — აცხადებენ გუნდის წევრები.

ნივთების ინტერნეტი ელექტრონული მოწყობილობების ვრცელი და მზარდი ქსელია. ქსელში ჩართული თითოეული მოწყობილობა იყენებს მცირე რაოდენობით ენერგიას, იმისათვის რომ მოაგროვოს და გააზიაროს რეალური დროის მონაცემები, ინტერნეტის გავლით. მსგავს პროცესს ჩვენ დღეს ჭკვიან საათებში ვხედავთ.

"მზარდი ნივთების ინტერნეტი სულ უფრო მეტ ენერგიას საჭიროებს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის უნდა მოდიოდეს ისეთი სისტემებისგანაც, რომლებსაც ენერგიის გენერირება შეუძლიათ, ნაცვლად იმისა, რომ ენერგია ელემენტებში მოვაქციოთ", — აღნიშნავს პროფესორი კრისტოფერ ჰოუი, კვლევის მთავარი ავტორი პრესრელიზში.

აღსანიშნავია, რომ სისტემამ იმუშავა საცხოვრებელ გარემოში და ნახევრად გარე პირობებშიც, ბუნებრივი სინათლისა და მასთან ასოცირებული ტემპერატურული ფლუქტუაციების პირობებში. ექვსთვიანი უწყვეტი მუშაობის შემდეგ კი შედეგები ნაშრომის სახით, გამოსაქვეყნებლად გაიგზავნა. ახლა ეს კვლევა Energy & Environmental Science-შია გამოქვეყნებული, თუმცა, როგორც კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრები პრესრელიზში იტყობინებიან, სისტემამ ნაშრომის გაგზავნის შემდეგ დაახლოებით 6 თვე, ჯამში კი ერთი წელი იმუშავა.

მკვლევართა მიერ შექმნილ სისტემაში, ფოტოსინთეზის შედეგად წარმოქმნილი ელექტრული ნაკადი ურთიერთქმედებს ალუმინის ელექტროდთან, რომელიც გამოიყენება მიკროპროცესორის კვებისათვის.

კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიოქიმიის განყოფილების პროფესორმა, კრისტოფერ ჰოუიმ, თქვა: "ჩვენი ფოტოსინთეზური მოწყობილობა ისე არ იშლება, როგორც ბატარეა, რადგან ის მუდმივად იყენებს სინათლეს, როგორც ენერგიის წყაროს“.

ჩატარებული ექსპერიმენტის ფარგლებში, სისტემა გამოიყენეს მიკროპროცესორის ARM Cortex M0+ ენერგიით მოსამარაგებლად. ეს ის მიკროპროცესორია, რომელსაც ფართოდ იყენებენ ნივთების ინტერნეტისთვის განკუთვნილ მოწყობილობებში. პროექტის ფარგლებში, კემბრიჯში დაფუძნებული მიკროპროცესორების დიზაინის კომპანია ARM თანამშრომლობდა უნივერსიტეტის მკვლევრებთან, რათა მეთოდის ეფექტიანობა დაედგინა.

დოქტორი პაოლო ბობელი, კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიოქიმიის დეპარტამენტიდან აღნიშნავს: "ჩვენ გაოცებულები ვიყავით იმით, თუ რამდენად თავმიმდევრულად იმუშავა სისტემამ დროის დიდი პერიოდის განმავლობაში. თავიდან ვფიქრობდით, რომ ის რამდენიმე კვირაში შეწყვეტდა მუშაობას, თუმცა ის წინსვლას განაგრძობდა".