როდესაც ძაღლი საყვარელი თვალებითა და შეჭმუხნილი წარბებით შემოგცქერით, დიდი ალბათობით, მას თქვენც ნებისმიერ რამეს უსრულებთ: აძლევთ საკვებს, ასეირნებთ ანდა უბრალო ყურადღებით აჯილდოებთ.

როგორც ჩანს, ოთხფეხა მეგობრებს ჩვენს სამართავად ეს ხრიკი თავისით სულაც არ მოუფიქრებიათ. ამასთანავე, არც ისაა შემთხვევითობის ბრალი, რომ ისინი ასე მომხიბლავად გამოიყურებიან. როგორც აღმოჩნდა, მოშინაურებულ ძაღლებს თანაფარდობით სახეზე იმაზე მეტი სწრაფი კუნთი აქვთ, ვიდრე მათ ველურ წინაპრებს, მგლებს. 18-თვიანი კვლევის პირველადი შედეგები ყოველწლიურ Experimental Biology 2022-ში გამოქვეყნდა.

ძაღლებს ადამიანის მსგავსი კუნთოვანი სტრუქტურა აქვთ, ეს ინდივიდუალური თავისებურებები კი მოშინაურების შედეგად განვითარდა.

მეცნიერება ძაღლის მიამიტი გამოხედვის მიღმა

მოშინაურებისა და ახალი სახეობების გამოყვანის გზით ადამიანებმა ძაღლებში ადამიანთან მეტად მიმსგავსებული ანატომიისა და მახასიათებლების განვითარებას შეუწყვეს ხელი.

"ჩვენი აზრით, თავად ადამიანებმა აირჩიეს, რომ ძაღლებს მიმიკურ კუნთებში ბევრი სწრაფი ბოჭკო ჰქონოდათ, რათა ჩვენთან სახის გამომეტყველების გამოყენებით ეკონტაქტათ", — ამბობს დოქტორი ენ ბაროუსი, კვლევის მთავარი ავტორი და ფიზიკური თერაპიის დეპარტამენტის უფროსი დუკესნის უნივერსიტეტში (პიტსბურგი).

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ადამიანებს ძაღლების სახის გამომეტყველების წაკითხვა შეუძლიათ.

"ადამიანების მიმიკური კუნთების დაახლოებით 70-75 პროცენტს სწრაფი ბოჭკოები მართავს. ახალი კვლევით აღმოვაჩინეთ, რომ მიმიკურ კუნთებში ძაღლებსაც იმაზე მეტი სწრაფი ბოჭკოები აქვთ, ვიდრე მგლებს", — განაგრძობს იგი.

ადამიანებში მიმიკური კუნთები სახის გამომეტყველებას აკონტროლებს, ამ კუნთებს კი სწრაფად კუმშვადი ბოჭკოები, იგივე კუნთის სწრაფი ბოჭკოები, მართავს. შედეგად ადვილად გასარჩევ სახის გამომეტყველებებს ვიღებთ. აღსანიშნავია, რომ მათთან ერთად ნელა კუმშვადი ბოჭკოებიც გვაქვს, რომლებიც სახეზე ღიმილს ნებისმიერი ხანგრძლივობით გვინარჩუნებს.

"სწრაფი ბოჭკოები სწრაფად იკუმშება, თუმცა მალევე იღლება, ნელი ბოჭკოები კი ნელა იკუმშება, თუმცა დაღლის მიმართ მეტი მდგრადობით გამოირჩევა. თუკი მარათონის მორბენალი ხართ, დიდი ალბათობით, ქვედა კიდურების კუნთების დიდ ნაწილს ნელი ბოჭკოები მართავს, ხოლო თუ სპრინტერი ხართ — სწრაფი ბოჭკოები", — გვიხსნის ბაროუსი.

ადრე ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ძაღლებს ასეთი მიამიტი გამოხედვა არა ბუნებრივი გადარჩევის გზით, არამედ ადამიანებისაგან ერგოთ.

განსაკუთრებული კავშირი

მოვაშენეთ თუ არა ძაღლები იმგვარად, რომ უფრო ადამიანების მსგავსად იურთიერთონ ვიდრე მგლების?

"ზოგადად მივიჩნევთ, რომ მოშინაურების პროცესში ეს ქცევები ადამიანებმა გაუცნობიერებლად შეარჩიეს. ძაღლების ის ქცევები შევარჩიეთ, რომლებიც სიამოვნებას გვანიჭებდა", — ამბობს ბაროუსი.

მიუხედავად ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ძაღლებსა და ადამიანებს შორის არსებულ კავშირს მხოლოდ მოშენება ვერ ახსნის. 2015 წელს ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მაშინ, როცა ადამიანები და მათი შინაური ცხოველები ერთმანეთს უმზერენ, ტვინის აქტივობა ისეთივეა, როგორიც დედებსა და შვილებს აღენიშნებათ ერთმანეთის ყურებისას.

რამდენიმე კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ძაღლები და მათი პატრონები ერთმანეთთან თვალებში ყურების შემდეგ ოქსიტოცინს გამოყოფენ. ეს სწორედ ის ჰორმონია, რომელსაც დედა შვილის თვალებში ჩახედვისას გამოყოფს.

ამრიგად, დიახ, სავარაუდოდ მიამიტი თვალები და შეჭმუხნილი წარბები ადამიანებმა შეარჩიეს — გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად — მომხიბვლელ თვისებად, როცა მოშინაურებულ ძაღლებს ამრავლებდნენ. შესაბამისად, ძაღლები პატრონებს სახის გამომეტყველების საშუალებით ეკონტაქტებიან, ზოგჯერ კი მათით მანიპულირებენ კიდეც.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.