სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, განიხილოს ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი. მისი თქმით, პრეზიდენტს შეწყალების კომპეტენცია იმისთვის აქვს, რომ ასეთი უსამართლო პრეცედენტები ქვეყანაში არ იყოს.

"მოვუწოდებ, რომ მან განიხილოს ეს საკითხი ნამდვილად. რადგან, კიდევ ერთხელ, ადამიანი არის მსჯავრში მიცემულ იმის გამო, რომ რაც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით, არც საერთაშორისო პრაქტიკით არ წარმოადგენს დანაშაულს და ამის მტკიცებულებები გვაქვს. ამაზე გვაქვს კომპეტენტური სამართლებრივი მოსაზრებები და, რა თქმა უნდა, ეს არის პრეზიდენტის კომპეტენცია. თუ კი პირის გამო დადგა განაჩენი რაც არ წარმოადგენს დანაშაულს, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს შეწყალების კომპეტენცია იმისთვის აქვს, რომ ასეთი უსამართლო პრეცედენტები ქვეყანაში არ იყოს. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ მან განიხილოს ეს საკითხი", — თქვა ლომჯარიამ.

სასამართლომ მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის მოხდის ვადა 16 მაისიდან დაიწყო და მოსამართლემ გვარამიას დარბაზშივე დაკავების ბრძანება გასცა.

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. საქმე ეხება ბრალდებას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ. კერძოდ, ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდნენ.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლო დარბაზიდან გვარამიამ დაპოსტა და მოუწოდა ხალხს დარჩნენ მთავარ არხზე და ერთად მოიპოვონ თავისუფლება. არხის ჟურნალისტებმა კი განაცხადეს, რომ ბრძოლა გრძელდება, უფრო მეტად, ვიდრე აქამდე.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ აღნიშნა, რომ გვარამიას დასჯით სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. GDI-ის ხელმძღვანელმა, ედუარდ მარიკაშვილმა კი თქვა, რომ ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ავტორიტარიზმში ვცხოვრობთ. გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ამ ქვეყანაში ყველაფერი დანაშაულია, ბიძინა თუ მტრად გთვლის და ყველაფერი კანონიერია, ბიძინას ლაქია თუ ხარ.