უკრაინის გენერალური შტაბი აზოვსტალიდან 264 სამხედროს გაყვანს ადასტურებს. მათი ცნობით, 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო აზოვსტალიდან სამედიცინო დახმარებისთვის ნოვოაზოვსკის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ხოლო ჰუმანიტარული დერეფნის გავლით ოლენევკაში — 211.

გენშტაბის განცხადებით, მათ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანენ. უწყების თქმითვე, გრძელდება დარჩენილი სამხედროების გადარჩენის ღონისძიებები.

დღეს აზოვის ბატალიონის მეთაურმა, დენის პროკოპენკომ განაცხადა, რომ უმაღლესი სამხედრო სარდლობის მიერ დამტკიცებულ გადაწყვეტილებას ასრულებდნენ და ხალხის მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ. მას დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა მოგვიანებით Reuters-მა დაწერა, რომ მათი ინფორმაციით, აზოვსტალი რამდენიმე ათეულმა ავტობუსმა დატოვა, სადაც, სავარაუდოდ, სამხედროები იმყოფებოდნენ.

16 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზოვსტალის ქარხნიდან დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების ევაკუაციაზე შეთანხმდნენ. უკრაინულ მხარეს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში