17 მაისთან დაკავშირებით საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა, სხვადასხვა ქვეყნის საელჩო და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი განცხადებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ვალდებულია დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება, აღკვეთოს დისკრიმინაცია და ძალადობა და უზრუნველყოს მოქალაქეთა შესაძლებლობა ღიად და საჯაროდ აღნიშნონ დღე.

"ჩვენი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, რომ 2021 წლის 5 ივლისის სამარცხვინო მოვლენების, ღირსების მარშის ჩაშლისა და ლგბტქი+ პირებისა და მედიის მიმართ განხორცილებული ძალადობის რამდენიმე მონაწილეს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაასამართლოს ძალადობის ყველა წამქეზებელი და ჩამდენი პირი.

ამავდროულად, გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მოქალაქეთა მზარდი რაოდენობა მხარს უჭერს მრავალფეროვნებას და მიაჩნია, რომ ლგბტქი+ პირთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. უახლესი მონაცემებით, საქართველოში მუდმივად მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც მიუღებლად მიიჩნევენ ლგბტქი+ თემებისთვის შეკრებისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვას და თვლიან, რომ სახელმწიფო სათანადოდ არ რეაგირებს ლგბტქი+ პირების მიმართ ძალადობასა და დისკრიმინაციაზე", — აღნიშნულია განცხადებაში.

მათი თქმით, სახელმწიფო პოლიტიკა და პრაქტიკა უნდა შეესაბამებოდეს როგორც საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, ისე სოციალურ ცვლილებას. ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ ლგბტქი+ უფლებები ეფექტურად და სათანადოდ უნდა იყოს დაცული, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მეშვეობით.

"ასევე აუცილებელია სოციალური დაცვის გაძლიერება და ლგბტქი+ თემის მოწყვლადი წარმომადგენელების მხარდაჭერა ისეთ მტკივნეულ საკითხებში, როგორიცაა სასურსათო დაუცველობა, უსახლკაროდ დარჩენის მზარდი რისკი და ჯანდაცვის სერვისზე წვდომის სირთულეები", — ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერები მოუწოდებენ საქართველოს სახელმწიფო, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, თავიანთი პასუხისმგებლობის ფარგლებში არ დაიშურონ ძალისხმევა დისკრიმინაციის, სტიგმატიზაციისა და ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის, პატივისცემასა და თანაგრძნობაზე დაფუძნებული საჯარო გამოსვლებისა და ლგბტქი+ თემებთან კონსტრუქციული დიალოგის გზით, ყველაზე საჭირბოროტო პრობლემების გადასაწყვეტად.

"ვერთიანდებით ადამიანის უფლების დასაცავად, რათა ყველამ შეძლოს იცხოვროს უსაფრთხოდ და ღირსეულად, თავისუფალ და თანასწორ გარემოში, და ვაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას თანასწორი საზოგადოების მშენებლობის გზაზე, რომელიც გააძლიერებს და დაიცავს მის ყველა წევრს", — აღნიშნავენ საელჩოები.