სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი დღევანდელი განაჩენით ითქვა, რომ ვცხოვრობთ არა დემოკრატიულ, არამედ ავტორიტარულ ქვეყანაში. ომბუდსმენის შეფასებით, დღეს კანონთან შეუსაბამო განაჩენი დადგა.

"დღეს, ალბათ, უკვე ყველაზე კულმინაციური მომენტია, როდესაც ყველაზე ძლიერი და ყველაზე კრიტიკული მედიასაშუალების მენეჯერს სასამართლომ გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი იმისთვის, რაც საერთოდ არ წარმოადგენს დანაშაულს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ კრიტიკულ მედიასაშუალებებზე განხორციელდეს ისეთი ზეწოლა, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოში არ ხდება.

ასეთი ფაქტები ხდება ავტორიტარულ ქვეყნებში და ჩვენ, აი, ამ ტიპის და დღევანდელი გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, ვთქვით, რომ ჩვენ ვცხოვრობთ არა დემოკრატიაში, სადაც არის მნიშვნელოვანია მედიისა და გამოხატვის თავისუფლება, არამედ ჩვენ ვცხოვრობთ ავტორიტარულ ქვეყანაში", — განაცხადა მან.

დღეს, სასამართლომ მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის მოხდის ვადა 16 მაისიდან დაიწყო და მოსამართლემ გვარამიას დარბაზშივე დაკავების ბრძანება გასცა.

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. საქმე ეხება ბრალდებას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ. კერძოდ, ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდნენ.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლო დარბაზიდან გვარამიამ დაპოსტა და მოუწოდა ხალხს დარჩნენ მთავარ არხზე და ერთად მოიპოვონ თავისუფლება. არხის ჟურნალისტებმა კი განაცხადეს, რომ ბრძოლა გრძელდება, უფრო მეტად, ვიდრე აქამდე.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ აღნიშნა, რომ გვარამიას დასჯით სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. GDI-ის ხელმძღვანელმა, ედუარდ მარიკაშვილმა კი თქვა, რომ ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ავტორიტარიზმში ვცხოვრობთ. გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ამ ქვეყანაში ყველაფერი დანაშაულია, ბიძინა თუ მტრად გთვლის და ყველაფერი კანონიერია, ბიძინას ლაქია თუ ხარ.

ამავე თემაზე: