საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საბავშვო ევროვიზიის ორგანიზებისთვის ბიუჯეტიდან 5,5 მილიონ ლარს დახარჯავს. უწყება მომსახურების შეძენას გამარტივებული სახით გეგმავს. ნებართვის მისაღებად ტურიზმის ადმინისტრაციამ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. როგორც მიმართვიდან ირკვევა, საბავშო ევროვიზია პროექტ Check in Georgia 2017-ის ფარგლებში იმართება.

"რადგან თითოეული თემატიკა ყოვედღიურად საჭიროებს ევროპის მაუწყებელთა კავშირთან - EBU-სთან შეთანხმებას, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მოხდეს საბავშვო-ევროვიზიის კონკურსის ფარგლებში ღონისძიების განხორციელებისათვის საჭირო სრული საქონლისა და მომსახურების გამარტივება," - ასე განმარტავენ ტურიზმის ადმინისტრაციაში მომსახურების გამარტივებული სახით შესყიდვის მიზეზებს.

მათივე თქმით, საბავშვო ევროვიზიის კონკურსი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შოუა, რომელიც ტურისტულად მნიშვნელოვან კულტურული ღონისძიებაა. გარდა ამისა, კონკურსი ევროპის 50 ქვეყნის პირდაპირ ეთერში ტრანსლირდება, 18 ქვეყნის მონაწილე კონკურსანტები საქართველოდან წარდგებიან და ფინალურ შოუს ოთხ მილიონამდე მაყურებელი ეყოლება.

"ამასთან, კონკურსის მიმდინარეობისას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ყოველდღიურად პირდაპირი ეთერის საშუალებით გაეცნობიან საქართველოს შესახებ საინფორმაციო-ტურისტული ხასიათის ვიდეო-რგოლებს, რაც კიდევ ერთხელ უზრუნველყოფს ქვეყანაში დამატებითი ვიზიტორების მოზიდვას," - დასძენენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.

იმის მიუხედავად, რომ ევროვიზიის საბავშვო კონცერტი 2017 წლის 19-26 ნოემბერს უნდა გაიმართოს, სხვადასხვა საჭირო მომსახურების შეძენა მაისიდან იგეგმება. კონკურსი პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით გადაიცემა.