ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლის, დავით დვალის განცხადებით, მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება პირდაპირი დარტყმაა ქვეყნის მომავალზე. მისი თქმით, დღეს ქიბარ ხალვაშის გამოჩენა მიუთითებს, რომ ბრძოლა მხოლოდ ახლა იწყება. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.

"ქიბარ ხალვაშის გამოჩენა თავისი მრავალმილიონიანი მოთხოვნით პირდაპირ მიანიშნებს, რომ ბრძოლა ახლა იწყება და სასამართლომ ეს ვითომ სიმბოლური თანხა მხოლოდ იმისთვის გაამტყუნეს ამ შემთხვევაში ნიკა გვარამია, როგორისთვის მაშინდელი გენერალური დირექტორი, რომ წავიდეს გაცილებით უფრო მძიმე ფინანსური მოთხოვნები, რომელიც ამ სისტემაში და ამ რეალობაში, როდესაც ჯიბეშია ყველა. მათ შორის, სასამართლო, ყველა სისტემა მართლმსაჯულების და სამართლებრივი სისტემა, ალბათ, დიდი გამოცნობა არ დასჭირდება, იმას საით და როგორ წარიმართება.

დიდი ალბათობით ეს დააწვება თავისუფალ მაუწყებელს, მთავარს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სრული სოლიდარობა გამოვუცხადო მათ და მოვუწოდო, რომ გამაგრდნენ. ან ჩვენ საბოლოოდ დავიღუპებით, როგორც ჩანს, ან რაღაც ჩვენ უნდა მოვახერხოთ და შევცვალოთ. ეს არ არის მხოლოდ ტელევიზიის ან ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქმე, ეს პირდაპირი დარტყმაა ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ეს ის დროა, როცა ჩვენ ევროკავშირის ვერდიქტს ველოდებით, სადაც ისედაც არ გვაქვს საქმე კარგად", — ამბობს ის.

დღეს, სასამართლომ მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს შემდე, რუსთავი 2-ის მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიისთვის მიყენებული "მრავალმილიონიანი ზიანის" ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელის შეტანაზე ისაუბრა. მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით "მარტივი სამართლებრივი ჭეშმარიტება" დადასტურდა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლო დარბაზიდან გვარამიამ დაპოსტა და მოუწოდა ხალხს დარჩნენ მთავარ არხზე და ერთად მოიპოვონ თავისუფლება. არხის ჟურნალისტებმა კი განაცხადეს, რომ ბრძოლა გრძელდება, უფრო მეტად, ვიდრე აქამდე.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ აღნიშნა, რომ გვარამიას დასჯით სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. GDI-ის ხელმძღვანელმა, ედუარდ მარიკაშვილმა კი თქვა, რომ ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ავტორიტარიზმში ვცხოვრობთ. გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ამ ქვეყანაში ყველაფერი დანაშაულია, ბიძინა თუ მტრად გთვლის და ყველაფერი კანონიერია, ბიძინას ლაქია თუ ხარ.

ამავე თემაზე: