რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება მათთვის პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა ამბობს, რომ NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის ამ ტერიტორიაზე განთავსებას "პასუხი მოჰყვება".

"რაც შეეხება NATO-ს გაფართოებას, ახალ წევრებს ფინეთსა და შვედეთს მეშვეობით, რუსეთს ამ ქვეყნებთან არანაირი პრობლემა არ აქვს. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, ამ ქვეყნების ხარჯზე NATO-ს გაფართოებით რუსეთისთვის პირდაპირი საფრთხე არ იქმნება.

ამ ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება აუცილებლად გამოიწვევს ჩვენს საპასუხო რეაქციას და როგორი იქნება ის, განპირობებული იქნება იმ საფრთხეებით, რომლებიც შეგვექმნება. ფაქტობრივად, პრობლემა ნულიდან იქმნება", — ამბობს ის.

პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთს არ აქვს ტერიტორიული დავა არც ფინეთთან და არც შვედეთთან. თუმცა მისივე თქმით, მაშინ, როდესაც უკრაინა შეიძლება გახდეს NATO-ს წევრი, მოსკოვს ტერიტორიული დავა ექნება ალიანსის წევრ სახელმწიფოსთან, "რაც უზარმაზარ რისკებს შეიცავს მთელი კონტინენტისთვის".

12 მაისს ფინეთის პრემიერმინისტრმა და პრეზიდენტმა განაცხადეს, რომ ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს. ერთობლივ განცხადებაში ფინეთის პრეზიდენტი, საული ნიინისტე და პრემიერმინისტრი, სანა მარინი არნიშნავენ, რომ NATO-ში გაწევრიანება ფინეთის უსაფრთხოებას გააძლიერებს, როგორც NATO-ს წევრი, ფინეთი გააძლიერებს მთელ თავდაცვის ალიანსს. NATO-ში წევრობის განაცხადზე მუშაობას შვედეთიც იწყებს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის მოელის, რომ ყველა მოკავშირე მიესალმება ქვეყნების პერსპექტიულ წევრობას და რომ გაწევრიანების პროცესი იქნება სწრაფი.