რეალითი შოუების ყურება ბევრი ადამიანისთვის Guilty Pleasure არის – სიამოვნება, რომელსაც თან სინდისის ქენჯნა სდევს. სხვისი ცხოვრებასა და განცდებზე დაკვირვება საკმაოდ სახალისოა და ამ შეგრძნებას შეუძლია, ეკრანს მიგაჯაჭვოს, თუმცა... რეალითი შოუებშიც ვხვდებით უხარისხო და ხარისხიან პროდუქტებს. პრაიმჰაუსი იმიტომ კი არაა უხარისხო, რომ მონაწილეები ყველაფერს კადრულობენ, არამედ იმიტომ, რომ თამაშის წესები, პროდაქშენის ხარისხი და სხვა კომპონენტები (ჟიური, ლაივშოუები) კრიტიკას ვერ უძლებს.

გთავაზობთ, თუ რეალითი შოუები მოგწონთ, ამ შოუებს მისცეთ შანსი.

1. RuPaul's Drag Race

ფოტო: Netflix

RuPaul's Drag Race — შოუ, რომელშიც დრეგ ქვინები ერთმანეთს უამრავ კომპონენტში ეჯიბრებიან (ტანსაცმლის კერვა, ლუქების შექმნა, იუმორი, სამსახიობო ნიჭი, სიმღერა, ცეკვა, აკრობატიკა და რა აღარ) უზარმაზარ სამყაროს მოიცავს, რომელში შებიჯების შემდეგაც მეგობრებს ამ თემაზე საუბრით ტვინს შეუჭამთ.

მერე, როცა Rupaul's Drag Race-ს დაამუღამებთ, აღმოაჩენთ, რომ არსებობს RuPaul's Drag Race All Stars და შოუს სხვადასხვა ვერსია სხვადასხვა ქვეყნისათვის.

სანახაობრივობის კუთხით ამ შოუს კონკურენტი არ ჰყავს.

2. Selling Sunset (1-5 სეზონი)

ფოტო: Netflix

ამ რეალითი შოუს მთავარი გმირები უძრავი ქონების აგენტები არიან, რომლებიც სუპერმოდელებს ჰგვანან და უძვირფასეს სახლებს ყიდიან (მე რამდენიმე ეპიზოდის ყურების შემდეგ ლოს-ანჯელესის სახლების ექსპერტი გავხდი და 7-მილიონიან სახლებს პანტაპუნტით ვიწუნებდი: უიმე, Infinity Pool-იც კი არ აქვს, ამის გაყიდვა გაჭირდება...)

პირველი სეზონები ბევრად მეტად არის ორიენტირებული სახლებზე და უძრავი ქონების ბიზნესზე, ბოლო სეზონებში კი მთავარი გმირები ერთმანეთს ხოცავენ და ექიშპებიან.

3. Love is Blind (1-2 სეზონი)

ფოტო: Netflix

ამ შოუში მარტოხელა ქალები და კაცები კედელს მიღმა ესაუბრებიან ერთმანეთს და თუ საკმარის კავშირს იგრძნობენ, ინიშნებიან, რასაც პირისპირ შეხვედრა მოჰყვება. ამას მოსდევს თაფლობის თვე (სინამდვილეში, მგონი, რამდენიმე დღეა) და 3-კვირიანი ათვლა ქორწილამდე, რა დროსაც დაწყვილებული მონაწილეები იცნობენ ერთმანეთის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს და წარმოდგენას იქმნიან ერთმანეთის ყოველდღიურობაზე. ყველაფერი მაინც ქორწილის დღეს წყდება, სადაც ან ორივე მხარე იტყვის "თანახმა ვარ"-ს, ან — ქორწილი ჩაიშლება.

შოუ მძაფრი ემოციებითაა სავსე, რადგან თამაშში გაცემულ პირობებსა და მონაწილეების ქმედებებს რეალური, ხელშესახები შედეგები მოჰყვება.

4. Queer Eye (1-6 სეზონი)

ფოტო: Netflix

ეს შოუ გულს გაგითბობთ და იმედს ჩაგისახავთ. ამასთან, ძალიან მოგინდებათ, რომ ეს ხუთეული თქვენც გეწვიოთ და ცხოვრება დაგილაგოთ.

შოუს თითოეულ ეპიზოდს ერთი მთავარი გმირი ჰყავს, რომელსაც რაიმე მიზეზით საკუთარი თავის რწმენა აქვს დაკარგული. ხუთეული მას ცხოვრებაზე კონტროლის დაბრუნებაში ეხმარება: საცხოვრებელ სივრცეს ურემონტებს და უწყობს, ვარცხნილობას უცვლის, გარდერობს უახლებს, საჭმლის კეთებას ასწავლის და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს. რა თქმა უნდა, კარგა ხნის ნაგროვები პრობლემები ერთ ეპიზოდში ვერ გამოსწორდება, მაგრამ ეპიზოდის ბოლოს, როგორც წესი, მთავარი გმირი ბევრად უფრო იმედიანად უყურებს მომავალს. ვიზუალური განსხვავებაც თვალშისაცემია ხოლმე.

ზოგიერთ ეპიზოდზე თვალებიც აგიცრემლიანდებათ.

5. Tidying Up With Marie Kondo (1 სეზონი)

ფოტო: Netflix

მარი კონდო სახლის დალაგებისა და ნივთების ორგანიზების ექსპერტია. ამ შოუში ის სხვადასხვა ოჯახში მიდის და ცხოვრების მოწესრიგებაში კონმარის მეთოდით ეხმარება (მოკლე შეჯამება: თუ რაიმე ნივთი სიხარულს არ გგვრით, უნდა დაემშვიდობოთ). ძალიან კარგი შოუა იმის დასავიწყებლად, რომ საკუთარი სახლი დასალაგებელი გაქვთ.

6. Is It Cake? (1 სეზონი)

ფოტო: Netflix

შოუში ცხრა ძალიან ნიჭიერ კონდიტერს ურთულესი დავალება ეძლევა — მათ სხვადასხვა ნივთთან უკიდურესად მიმსგავსებული ტორტები უნდა შექმნან და ჟიური გააცურონ. მაყურებელმაც არ იცის, წარმოდგენილი ნივთებიდან რომელია ტორტი და შესაბამისად, შედეგის გაგებას გულაჩქარებული ელოდება.

7. Indian Matchmaking (1 სეზონი)

ფოტო: Netflix

ეს არის შოუ ინდურ მაჭანკლობაზე — მაჭანკალი სიმა ტაპარია კლიენტებს ეხმარება, სიყვარული იპოვონ, სიყვარული რა — ისეთი ადამიანი, ვინც მათი ოჯახებისთვის მისაღები იქნება და ვისთან ცხოვრებასაც შეძლებენ. მოთხოვნები და სტანდარტები, როგორც წესი, ძალიან მაღალია და დასაოჯახებელი კანდიდატების მშობლები ხშირად შვილებზე მეტად არიან ჩართულები საქმეში.

შოუ საშინელი პაემნებისა და ოჯახური დრამების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის.

8. The Ultimatum (1 სეზონი)

ფოტო: Netflix

ეს შოუ მონაწილეების ემოციებზე თამაშის მასშტაბებით არაეთიკურობის ზღვარზეა. მოგიყვებით, რა ხდება: შოუში ხვდებიან წყვილები, რომლებსაც რთული პრობლემა უდგათ. წყვილიდან ერთ-ერთი მზად არაა ოჯახის შესაქმნელად, რის გამოც მას ულტიმატუმს უყენებენ: ან დავქორწინდეთ, ან — დავშორდეთო. ამის შემდეგ კი იწყება ნერვებზე თამაში. მონაწილეები პარტნიორებს ცვლიან და დროებით სხვა ადამიანთან იწყებენ ცხოვრებას, ამის შემდეგ მონაწილე ისევ ექსთან აგრძელებს ცხოვრებას, ექსპერიმენტის ბოლოს კი გადაწყვეტილებას იღებს: შოუ დატოვოს იმ პარტნიორთან ერთად, რომელთანაც მოვიდა (დაქორწინებულის სტატუსით), დაიწყოს ურთიერთობა შოუში გაცნობილ ახალ პარტნიორთან, თუ — ორივე დაიკიდოს და მარტოხელას სტატუსით დაასრულოს თამაში.

იმის აღნიშვნა დამავიწყდა, რომ ახალი ადამიანის გაცნობა და მასთან ფლირტი ძველი პარტნიორების თვალწინ ხდება. არ ვიცი, ვინ რა მაზოხისტური მიზნებით ერთვება ამ ექსპერიმენტში, მაგრამ საყურებლად კი საინტერესოა.

9. Next In Fashion (1 სეზონი)

ფოტო: Netflix

Next in Fashion ერთ ვიქენდზე საყურებელი შოუა. კონკურსში 18 დიზაინერი მონაწილეობს, რომელთაც მთლად დამწყებები არ ეთქმით, რადგან სხვადასხვა ცნობილ ადამიანებთან თუ ბრენდთან უკვე უმუშავიათ, თუმცა კარიერაში ახალი ეტაპის დასაწყებად ბიძგი ესაჭიროებათ. შოუში უნიჭიერეს ინოვატორ დიზაინერებს ნახავთ, რომლებიც 10 ეპიზოდის მანძილზე რთულ გამოწვევებს ეჭიდებიან და საოცარ კოლექციებს ქმნიან.

10. Styling Hollywood (Season 1)

ფოტო: Netflix

შოუს მთავარი გმირები ჯეისონი და ადამი არიან, რომლებიც საქმეშიც პარტნიორები არიან და — პირად ცხოვრებაშიც. ისინი ჰოლივუდის ვარსკვლავებს წითელი ხალიჩისთვის ამზადებენ და მათი სახლებისათვის ინტერიერის დიზაინს ქმნიან.

პარალელურად Styling Hollywood ჯეისონისა და ადამის ოჯახურ ცხოვრებასა და კომპანიის მართვის სირთულეებსაც გვაჩვენებს.