ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაიას განცხადებით, მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება ქვეყნის ინტერესების წინააღდმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

თოლორაია ამბობს, რომ მუხლი, რომლითაც გვარამია დამნაშავედ ცნეს, არა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას, არამედ სხვა, ნაკლებად მკაცრ არაერთ სასჯელს ითვალისწინებს, მათ შორისაა, ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო და შინაპატიმრობა. მისი თქმით, საქმის მასალებს არ იცნობს, თუმცა ბუნებრივად ჩნდება კითხვები — რატომ ახლა და რატომ მაინც და მაინც თავისუფლების აღკვეთა.

"როცა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დაწყებიდან რამდენიმე წელია გასული და პირს უნიშნავ ყველაზე მკაცრ სასჯელს ცხადია, არ ტოვებ კითხვის ნიშნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გადაწყვეტილება გაცდენილია სამართლებრივ ჩარჩოს. მით უფრო, გაუგებარია 220-ე მუხლის 2 ეპიზოდიდან ერთზე — თავისუფლების აღკვეთის, ხოლო მეორეზე — ჯარიმის გამოყენება.

ევროკავშირის კითხვარი პირდაპირ გვეკითხება არის თუ არა ქვეყანაში გამამტყუნებელი განაჩენი ჟურნალისტების წინააღმდეგ და არის თუ არა რაიმე ზომები მიღებული უკანონო სამართლებრივი დავებისგან ჟურნალისტების დასაცავად", — წერს თოლორაია.

დღეს, სასამართლომ მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის მოხდის ვადა 16 მაისიდან დაიწყო და მოსამართლემ გვარამიას დარბაზშივე დაკავების ბრძანება გასცა.

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. საქმე ეხება ბრალდებას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ. კერძოდ, ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდნენ.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლო დარბაზიდან გვარამიამ დაპოსტა და მოუწოდა ხალხს დარჩნენ მთავარ არხზე და ერთად მოიპოვონ თავისუფლება. არხის ჟურნალისტებმა კი განაცხადეს, რომ ბრძოლა გრძელდება, უფრო მეტად, ვიდრე აქამდე.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ აღნიშნა, რომ გვარამიას დასჯით სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. GDI-ის ხელმძღვანელმა, ედუარდ მარიკაშვილმა კი თქვა, რომ ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ავტორიტარიზმში ვცხოვრობთ. გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ამ ქვეყანაში ყველაფერი დანაშაულია, ბიძინა თუ მტრად გთვლის და ყველაფერი კანონიერია, ბიძინას ლაქია თუ ხარ.

ამავე თემაზე: