პარტია გირჩი — მეტი თავისუფლება წერს, რომ ნიკა გვარამიას დაჭერა კიდევ ერთი ნიშანია, რომ ივანიშვილის დე-ფაქტო ხელისუფლება არსებულ სასამართლო კლანთან ერთად დასანგრევია. მათივე განცხადებით, "არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ რამეს არ იკადრებენ".

"ქართული ოცნების მცდელობა — ძალით გააჩუმონ ადამიანი, არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის დაკავება, ეს მთლიანად ოპოზიციური მედიის დადუმებას ნიშნავს. ნიკა გვარამიას დაჭერა კიდევ ერთი ნიშანია, რომ ივანიშვილის დე-ფაქტო ხელისუფლება არსებულ სასამართლო კლანთან ერთად დასანგრევია. არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ რამეს არ იკადრებენ.

ძალაუფლებისთვის ყველაფერზე წამსვლელები არიან. ნურავის იმედი გექნებათ, ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია. არ დანებდეთ. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ბოლომდე უნდა დავიცვათ. სოლიდარობა ნიკა გვარამიას!" — წერს პარტია.

დღეს, 16 მაისს სასამართლომ მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის მოხდის ვადა 16 მაისიდან დაიწყო და მოსამართლემ გვარამიას დარბაზშივე დაკავების ბრძანება გასცა.

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. საქმე ეხება ბრალდებას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ. კერძოდ, ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდნენ.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლო დარბაზიდან გვარამიამ დაპოსტა და მოუწოდა ხალხს დარჩნენ მთავარ არხზე და ერთად მოიპოვონ თავისუფლება. არხის ჟურნალისტებმა კი განაცხადეს, რომ ბრძოლა გრძელდება, უფრო მეტად, ვიდრე აქამდე.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ აღნიშნა, რომ გვარამიას დასჯით სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. GDI-ის ხელმძღვანელმა, ედუარდ მარიკაშვილმა კი თქვა, რომ ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ავტორიტარიზმში ვცხოვრობთ. გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ამ ქვეყანაში ყველაფერი დანაშაულია, ბიძინა თუ მტრად გთვლის და ყველაფერი კანონიერია, ბიძინას ლაქია თუ ხარ.

ამავე თემაზე: