ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება თავისუფალ მედიაზე ტოტალური კონტროლის პირდაპირი გზავნილია. მისი თქმით, "პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელმა და ასევე ბინძურ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებულმა სასამართლომ" კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სამართლიანი სასამართლო ამ ქვეყანაში არ არსებობს.

"ხელისუფლებას აქვს აუტანლობა კრიტიკული მედიის მიმართ, ხელისუფლებას აშინებს მედიაპლურალიზმი. ქვეყანაში გრძელდება პოლიტიკური ლიდერების დევნა. ქვეყანაში არის დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივი რყევა და ხშირ შემთხვევაში მათი მოშლა. დღევანდელი უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება მძიმედ ხელისშემშლელი ფაქტორია ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის ბრძოლის გზაზე", — აცხადებს ის.

ხაზარაძის თქმით, ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი საფრთხის ქვეშ არის და ქართულ ოცნებას გეზი რუსეთისკენ აქვს აღებული.

დღეს, სასამართლომ მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის მოხდის ვადა 16 მაისიდან დაიწყო და მოსამართლემ გვარამიას დარბაზშივე დაკავების ბრძანება გასცა.

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. საქმე ეხება ბრალდებას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ. კერძოდ, ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდნენ.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლო დარბაზიდან გვარამიამ დაპოსტა და მოუწოდა ხალხს დარჩნენ მთავარ არხზე და ერთად მოიპოვონ თავისუფლება. არხის ჟურნალისტებმა კი განაცხადეს, რომ ბრძოლა გრძელდება, უფრო მეტად, ვიდრე აქამდე.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ აღნიშნა, რომ გვარამიას დასჯით სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. GDI-ის ხელმძღვანელმა, ედუარდ მარიკაშვილმა კი თქვა, რომ ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ავტორიტარიზმში ვცხოვრობთ. გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ამ ქვეყანაში ყველაფერი დანაშაულია, ბიძინა თუ მტრად გთვლის და ყველაფერი კანონიერია, ბიძინას ლაქია თუ ხარ.

ამავე თემაზე: