ფორმულას დირექტორის, ზურაბ გუმბარიძის განცხადებით, მთავარი არხის დირექტორისა და დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებით ქვეყანას კიდევ ერთი პოლიტპატიმარი ჰყავს. ის სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ შურისძიებად აფასებს.

"ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს საფრთხეები ჩვენი ჩრდილოეთიდან მომდინარე საფრთხეები რუსეთთან, მეორე მხარეს არის შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც შეიძლება გაიხსნას საქართველოსთვის და ამ დროს ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას, მაშინ, როდესაც მათ ყველა გადაწყვეტილებას გამადიდებელი შუშით აკვირდება დასავლური სამყარო, იღებს გადაწყვეტილებას, რომ კიდევ ერთი პოლიტიკური შურისძიება მოაწყოს, დაიჭიროს გვარამია აბსურდულ საქმეზე", — აცხადებს ის.

გუმბარიძის თქმით, ის გარემოება, რომ ამ მუხლით, არა თანამდებობის პირები, არამედ, ადამიანების "ხელზეჩამოსათვლელი რაოდენობაა" დაპატიმრებული, მიუთითებს იმაზე, რომ საქმეს სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს და ადგილი პოლიტიკურ დევნას აქვს

"აქვს მნიშვნელობა, მოსწონთ თუ არა ნიკა გვარამია და მთავარი არხის სარედაქციო პოლიტიკა, ყველა უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს მედიამენეჯერის, ყველაზე რეიტინგული კრიტიკული არხის დირექტორის და დამფუძნებლის დაჭერა, განსაკუთრებით იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება", — ამბობს გუმბარიძე.

დღეს, სასამართლომ მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის მოხდის ვადა 16 მაისიდან დაიწყო და მოსამართლემ გვარამიას დარბაზშივე დაკავების ბრძანება გასცა. გაუქმდა აღკვეთის ღონისძიების სახე გირაო, ასევე, 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა.

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. საქმე ეხება ბრალდებას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ. კერძოდ, ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდნენ.