მთავარი არხის ჟურნალისტის, დიანა ჯოჯუას განცხადებით ნიკა გვარამიას დაკავება ახალი ბრძოლის დასაწყისია, რომელიც "ამ ქვეყნის გამარჯვებით დასრულდება". მისი თქმით, ხელისუფლება პასუხს მიიღებს, რადგან ეს იყო განაჩენი, რომელიც მათ საკუთარ თავს გამოუტანეს.

"კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით და ვართ. ვიქნებით ისეთები, როგორიც არასდროს, იმიტომ, რომ თითოეული ჩვენგანი ისეთი გაბრაზებულია, როგორც არასდროს და ისეთ პასუხს მიიღებს ხელისუფლება, როგორიც ჩვენი მხრიდან არასდროს არ მიუღია და ამისთვის უნდა იყოს მზად.

ეს არის გახრწნილი ხელისუფლება და თვითგანადგურების რეჟიმზე გადასული. ასეთი უგუნური და მძიმე განაჩენით საკუთარ თავს გამოუტანეს განაჩენს. ეს არ იყო ნიკა გვარამიას და მთავარი არხის განაჩენი, ეს იყო განაჩენი, რომელიც ხელისუფლებამ საკუთარ თავს გამოუტანა", — განაცხადა მან.

დღეს, სასამართლომ მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის მოხდის ვადა 16 მაისიდან დაიწყო და მოსამართლემ გვარამიას დაუყოვნებლივ დაკავების ბრძანება გასცა. გაუქმდა აღკვეთის ღონისძიების სახე გირაო, ასევე, 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა.

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. საქმე ეხება ბრალდებას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ. კერძოდ, ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდნენ.