მთავარი არხის გენერალური დირექტორის მოადგილის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, ნიკა გვრამიას დაკავების მიუხედავად ბრძოლა გრძელდება და მთავარი არხი მუშაობას არ შეწყვეტს. მისი თქმით, ბრძოლა არ იქნება მარტივი, თუმცა მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობენ.

"ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, უფრო მეტად, ვიდრე აქამდე. იმიტომ რომ ახლა კიდევ ერთი დამატებითი ძალიან დიდი მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე, არამარტო ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის. ამჯერად ქართულმა ოცნებამ ასე ქნა, ასე მოინდომა და ნიკა გვრამია გახადა სწორედ ქვეყნის თავისუფლების კიდევ ერთ სიმბოლოდ, არა ერთადერთად, სამწუხაროდ. ნიკა არ არის ერთადერთი, მაგრამ ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო თავისუფლების, რომელთან ერთადაც ჩვენ ამდენი წელი გავატრეთ სწორედ ამ ყველაზე ძვირფასი მონაპოვარისთვის ბრძოლისთვის, თავისუფლებას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა", — თქვა გაბუნიამ.

დღეს, სასამართლომ მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის მოხდის ვადა 16 მაისიდან დაიწყო და მოსამართლემ გვარამიას დარბაზშივე დაკავების ბრძანება გასცა. გაუქმდა აღკვეთის ღონისძიების სახე გირაო, ასევე, 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა.

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. საქმე ეხება ბრალდებას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ. კერძოდ, ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდნენ.