"აბა თქვენ იცით, დარჩით მთავარზე და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება! ყველაფერი კარგად იქნება" — დაწერა მთავარი არხის დამფუძნებელმა და დირექტორმა, ნიკა გვარამია ფეისბუქგვერდზე, მას შემდეგ, რაც ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

სასჯელის მოხდის ვადა დღეს, 16 მაისიდან დაიწყო და მოსამართლემ გვარამიას დარბაზშივე დაკავების ბრძანება გასცა. გაუქმდა აღკვეთის ღონისძიების სახე გირაო, ასევე, 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა.

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. საქმე ეხება ბრალდებას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ. კერძოდ, ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდნენ.