ახალი კვლევის თანახმად, მატყუარას გამოსააშკარავებლად საუკეთესო გზა მისთვის საუბრისას ყურადღების გაფანტვაა. ნაშრომი ჟურნალში International Journal of Psychology & Behavior Analysis გამოქვეყნდა.

როგორც ჩანს, ტყუილის მოფიქრებისათვის დამატებითი კოგნიტიური ძალისხმევაა საჭირო, პარალელურად სხვა რამის კეთებისას კი იგი მთლად დამაჯერებელიც აღარ გამოდის. აღსანიშნავია, რომ ამ დროს გარკვეული შეზღუდვებიც არსებობს, მათ შორის: სხვა ქმედება ადამიანისათვის ისეთივე მნიშვნელოვანი უნდა იყოს, როგორიც თავად ტყუილია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იგი შეძლებს, უპირატესობა სიცრუეს მიანიჭოს.

მიუხედავად ამისა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მიდგომა მატყუარას ყოველთვის ვერ გამოიჭერს და დამატებითი კვლევებია საჭირო იმის უკეთ გასაგებად, თუ როგორ აბრკოლებს სიცრუის მთქმელს ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულება.

"კვლევა აჩვენებს, რომ შესაძლოა, სიმართლე და ტყუილი ერთნაირად დამაჯერებელი გვეჩვენოს, როდესაც ადამიანს სათქმელის კარგად მოფიქრების საშუალება აქვს", — აცხადებს ფსიქოლოგი ალდერტ ვრი პორტსმაუთის უნივერსიტეტიდან — "როდესაც ფიქრის შესაძლებლობა მცირდება, სიმართლე ხშირად ტყუილზე დამაჯერებლად ჟღერს".

როგორც მეცნიერებმა გვამცნეს, ექსპერიმენტში ტყუილები ნაკლებად დამაჯერებლად განსაკუთრებით მაშინ ჟღერდა, როცა კვლევის მონაწილეებს დამატებითი მნიშვნელოვანი დავალებაც უნდა შეესრულებინათ.

ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერებმა 164 მოხალისეს აზრი გამოათქმევინეს საზოგადოებრივ საკითხებთან დაკავშირებით, შემდეგ კი ყალბი ინტერვიუების ასაღებად ორ ჯგუფად დაყვეს. მათ სთხოვეს, თავიანთი თვალსაზრისის შესახებ სიმართლე ეთქვათ ან მოეტყუებინათ.

შემდგომში ეს ორი ჯგუფი სამად გაყვეს. 1/3-ს დამატებითი დავალება მისცეს და უთხრეს, რომ ინტერვიუსათვის მისი შესრულება მნიშვნელოვანი იყო. დავალება მეორე მესამედსაც მისცეს, თუმცა მისი მნიშვნელობის შესახებ არაფერი უთქვამთ, მესამე ჯგუფისათვის კი არანაირი დამატებითი საქმე არ მიუციათ. დავალება იმ 7-ციფრიანი ნომრის დაწერას მოითხოვდა, რომელიც მანამდე მონაწილეებს აჩვენეს.

კვლევის შედეგები მოსალოდნელს დაემთხვა, ჯგუფებს შორის არსებული განსხვავებები კი უმნიშვნელო იყო. ტყუილის თქმას დეტალების მოფიქრება სჭირდება. ამ დროს მოსაუბრე ცდილობს, ნათქვამი რაც შეიძლება დამაჯერებლად გააჟღეროს და სიცრუეში არ გამოიჭირონ, რაც დიდ გონებრივ ძალისხმევას მოითხოვს.

როგორც მეცნიერთა გუნდი გვეუბნება, მატყუარას გამოსაჭერად მნიშვნელოვანია, მისთვის დამატებითი საქმეც ისეთივე მნიშვნელოვანი ჩანდეს, როგორიც ტყუილია ანდა იგი აუცილებლად უნდა იყოს შესასრულებელი.

საგულისხმოა, რომ ამ დროს კიდევ მრავალი სხვა ცვლადი იჩენს თავს, რომელიც ასევე უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, ზოგი ადამიანი სხვებზე უკეთ იტყუება. მიუხედავად ამისა, ტექნიკა თქვენგან დიდ ძალისხმევას სულაც არ მოითხოვს და შეგიძლიათ, თავადაც ნებისმიერ დროს გამოცადოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.