"ჩვენ კვლავ გავაერთიანეთ მთელი ცივილიზებული სამყარო", — ასე ეხმაურება უკრაინის რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი ევროვიზიაზე უკრაინის გამარჯვებას. მისივე თქმით, ევროპამ არჩევანი უკრაინის სასარგებლოდ გააკეთა.

"Stefania არის მელოდენია, რომელიც კიდევ ერთ სამყაროს ხსნის. ის დედის იმედისმომცემ თვალებიდან ანათებს, რომელიც ომიდან შვილების დაბრუნებას ელოდება. გადაარჩინე უკრაინა, დაეხმარე მარიუპოლს, აზოვსტალს — ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც Stefania-მ მთელი მსოფლიოდან 200 000 000 მაყურებელს უთხრა.

დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი გამარჯვება მუსიკალურ ფრონტზე სამხედრო ფრონტზე გამარჯვების წინამორბედია. იმედი გვაქვს, რომ ევროვიზა 2023-ს უკრაინულ ყირიმში გავმართავთ", — წერს ის.

2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული უკრაინა გახდა. ქვეყნის წარმომადგენელმა ჯგუფმა KALUSH ORCHESTRA-მ ფინალში სიმღერა Stefania შეასრულა და 631 ქულით უკრაინას ევროფესტივალზე მესამე გამარჯვება მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ბენდმა ტელემაყურებლისგან უმაღლესი, 439 ქულა დაიმსახურა, სხვადასხვა ქვეყნის ჟიურისგან კი 5-ჯერ მიიღო ასევე უმაღლესი შეფასება — 12 ქულა.

ჯილდოს მიღების შემდეგ უკრაინულმა Kalush Orchestra-მ ევროვიზიის სცენიდან მსოფლიოს მიმართა და აზოვსტალის დახმარებისკენ მოუწოდა.

"გთხოვთ, დაეხმარეთ უკრაინას, მარიუპოლს! დაეხმარეთ აზოვსტალს, ახლავე".

საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმ უკრაინას 6 ქულა დაუწერა, ტელემაყურებელმა კი — 12. ამას საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვებგვერდზე ჟიურის განცხადებას ავრცელებს, სადაც ინფორმაციას უარყოფს და ამტკიცებენ, რომ ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი 12 ქულა უკრაინას მიანიჭა, ამის ამსახველი, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი კი ევროვიზიის ორგანიზატორებს გადაუგზავნეს და დეტალებს არკვევენ.

ამავე თემაზე: