2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული უკრაინა გახდა. ქვეყნის წარმომადგენელმა ჯგუფმა KALUSH ORCHESTRA-მ ფინალში სიმღერა Stefania შეასრულა და 631 ქულით უკრაინას ევროფესტივალზე მესამე გამარჯვება მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ბენდმა ტელემაყურებლისგან უმაღლესი, 439 ქულა დაიმსახურა, სხვადასხვა ქვეყნის ჟიურისგან კი 5-ჯერ მიიღო ასევე უმაღლესი შეფასება — 12 ქულა.

უკრაინამ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი წინათ ორჯერ მოიგო. ქვეყანას პირველი გამარჯვება 2004 წელს რუსლანამ მოუტანა, მეორეჯერ კი უკრაინამ 2016 წელს მოიგო ჯამალას წყალობით.

ევროვიზიის 66-წლიანი კონკურსის ტრადიციაა, რომ გამარჯვებული ქვეყანა მომავალი წლის მასპინძელი ხდება. ამიტომ, 2023 წელს ევროფესტივალი, სავარაუდოდ, სწორედ უკრაინაში გადაინაცვლებს.

ამით 2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი დასრულდა. მასშტაბურ მუსიკალურ ღონისძიებას წელს იტალიის ქალაქი ტურინი მასპინძლობდა.

საქართველოს წარმომადგენელი წლევანდელ ევროვიზიაზე ჯგუფი ცირკუს მირკუსი იყო, სიმღერით Lock Me In, თუმცა, ბენდმა მეორე ნახევარფინალურ ტურში ბოლო ადგილი დაიკავა და ფინალში მოხვედრა ვერ შეძლო.