ოკუპირებული ცხინვალის ახლადარჩეული დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი რუსეთთან შეერთების მომხრეა, თუმცა მის წინამორბედს, ანატოლი ბიბილოვს რუსეთთან შეერთების ე.წ რეფერენდუმის თარიღის დანიშვნის გამო აკრიტიკებს.

"მე, როგორც ჩემი სამშობლოს შვილი და ხალხის მიერ არჩეული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი, სრულად ვუჭერ მხარს ოსი ხალხის იდეას რუსეთთან გაერთიანებაზე. სხვა საკითხია, არის თუ არა ეს ის ისტორიული მომენტი, როდესაც საჭიროა რეფერენდუმის დაჩქარებით ჩატარებაზე განკარგულების გამოცემა", — ამბობს ის.

გაგლოევის თქმით, გაუგებარია, როგორ არ უნდა შეთანხმებულიყო რეფერენდუმის თარიღი მასთან, რადგან ბიბილოვმა იცოდა, რომ მას რეფერენდუმამდე "მთელი რიგი ღონისძიებები და საკადრო ცვლილებები უნდა გაეტარებინა".

"ფიქრობდა ანატოლი ბიბილოვი ასეთ ვითარებაში რეფერენდუმის მომზადების ხარისხსა და მის შედეგებზე? მინდა მოსახლეობა დავარწმუნო, რომ გამოცხადებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით, ჩემი ქმედებები საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დაცვაზე, კონსულტაციების გამართვასა და რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების იმპლემენტაციაზე იქნება მიმართული", — დასძენს გაგლოევი.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების ე.წ რეფერენდუმის თარიღად 17 ივლისი გუშინ, 14 მაისს გამოაცხადა.