უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ოფიციალურად უნდა იქნას აღიარებული. ამის შესახებ მან აშშ-ის სენატის დელეგაციის კიევში ვიზიტისას ისაუბრა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ აშშ-ს რუსეთზე სანქციების გზით ზეწოლის გაზრდაში განსაკუთრებული როლი აქვს და ხაზი გაუსვა კონგრესის მიერ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვასა და რუსეთთან და ბელარუსთან სავაჭრო ურთიერთობების შეჩერების გადაწყვეტილებებს.

"მოუთმენლად ველი შეერთებული შტატების მხარდაჭერას შემდგომი სანქციებისთვის. გარდა ამისა, გვჯერა, რომ რუსეთი ოფიციალურად უნდა იყოს აღიარებული, როგორც ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო", — თქვა მან.

გარდა ამისა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ დღეს უკრაინა რუსეთთან ბრძოლით, არა მხოლოდ საკუთარ სახელმწიფოს, არამედ დემოკრატიულ ღირებულებებსა და თავისუფლებას იცავს — კერძოდ, ერების უფლებას, აირჩიონ საკუთარი მომავალი. მან, აშშ-ის უკრაინის მხარდაჭერაში ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა.

დელეგაცია კიევში დღეს, 14 მაისს ჩავიდა. მას სენატის უმცირესობის ლიდერი, მიჩ მაკკონელი ხელმძღვანელობს.